ჩინეთიდან ევროპაში მიდის პირველი მატარებელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსს გაივლის

22-23 ოქტომბერს თბილისში რიგირთ მესამე „აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა. წელს მას 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის, 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.

პარალელურად ჩინეთიდან ევროპაში მიდის პირველი მატარებელი, რომელსაც ჩინეთის ქალაქ სიანიდან სარკინიგზო მაგისტრალის – ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით პრაღაში საყოფაცხოვრებო ტექნიკით დატვირთული 42 კონტეინერი მიაქვს. ჩინეთიდან ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტით წამოსული მატარებელი პირველია, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით (შემდეგ კი თურქეთის მარმარილოს ზღვის გვირაბით) ჩავა ევროპაში.

ახალი სარკინიგზო მარშრუტის შუალედური სადგური იქნება სტამბოლი, სადაც ამ მოვლენასთან დაკავშირებით 5 ნოემბერს საზეიმო შეხვედრა გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა. ცერემონიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები – ილჰამ ალიევი და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი, იმ დროისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, უზბეკეთისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრები – აბდულა არიპოვი და ბაკიტჟან საგინტაევი.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები