დეპრესია და ოსტეოპოროზი – რა კავშირია მათ შორის?

ოს­ტე­ო­პო­რო­ზი და­ა­ვა­დე­ბაა, რომლის დროსაც ძვლის სიმტკიცისა და მა­სის შემ­ცი­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის მისი მო­ტე­ხი­ლო­ბის რისკს. თვითონ სიტყვა „ოსტეოპოროზი“ ნიშ­ნავს „ფო­რე­ბი­ან ძვალს“. მიკროსკოპით დათვალიერებისას ნორ­მა­ლურ ძვალს ფიჭის შე­სა­ხე­და­ო­ბა აქვს, ოს­ტე­ო­პო­რო­ზის დროს კი ხვრელები და სივ­რცე­ე­ბი ფი­ჭის ხა­რი­ხებს შო­რის გაცილებით დი­დია, ვიდ­რე ჯან­მრთელ ძვალ­ში. ოსტეოპოროზულ ძვალს და­კარ­გუ­ლი აქვს სიმ­კვრი­ვე ან მასა და დარ­ღვე­უ­ლი აქვს ქსო­ვი­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რა.

ოსტეოპოროზი, როგორც წესი, ხანდაზმულთა დაავადებაა, თუმცა, ასაკის გარდა, მისი გამომწვევი სხვა მიზეზებიც არსებობს. მაგალითად, კვლევებმა აჩვენა, რომ დეპრესიით შეპყრობილ ადამიანებს მკვეთრად შემცირებული აქვთ ძვლის სიმკვრივე.

როგორც აღმოჩნდა, დეპრესიის შედეგად იმდენად მცირდება ძვლის მასა, რომ ამან შეიძლება ოსტეოპოროზი გამოიწვიოს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ებრაელი მეცნიერები პროფესორ რაზა იირმიას ხელმძღვანელობით.

ამ დამოკიდებულების დასადგენად მეცნიერებმა ლაბორატორიული ვირთხები გამოიყენეს. საცდელ ცხოველებს სპეციალური პირობები შეუქმნეს, რომელთა შედეგად მათ ისეთი ქცევები გამოავლინეს, რაც ადამიანებში დეპრესიის გრძნობას შეესაბამებოდა, მაგალითად, თაგვები არ ავლენდნენ არანაირ აქტივობას, რომელსაც სიამოვნების მოტანა შეეძლო და არ მონაწილეობდნენ სოციალურ ურთიერთობებში.

ამ მდგომარეობაში ყოფნის 4 კვირის შემდეგ ვირთხებს ძვლის მასის მკვეთრი შემცირება განუვითარდათ. როგორც ძვლის გამოკვლევებმა უჩვენა, ამის მიზეზი გახდა ძვლის განახლების პროცესის შეფერხება – იმ უჯრედების (ოსტეობლასტების) რიცხვის შემცირება, რომლებიც ძვლის ქსოვილს გამოიმუშავებენ.

როგორც ცნობილია, სტრესის პირობებში მთლიანი სიმპათიკური ნერვული სისტემა აქტივირდება და მყისიერ, ფართოდ გავრცელებად რეაქციას იძლევა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამ დროს გამოყოფილი ჰორმონი ნორადრენალინი დამღუპველად მოქმედებს ოსტეობლასტებზე. დეპრესია კი დროში გაწელილი სტრესია.

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მათი მუშაობა დეპრესიის მკურნალობის ახალ ეტაპზე გადასვლას შეუწყობს ხელს და ოსტეოპოროზის მკურნალობაში ანტიდეპრესანტებიც „ჩაერთვებიან“.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები