ხელოვნებაკულტურასაქართველო

უშგულელი გენიოსი მხატვარი, რომლითაც ბრიტანული გამოცემა დაინტერესდა

გენიალური ქართველი მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე სვანეთის რეგიონში, უშგულში, ძმასთან ერთად ცხოვრობს. სამწუხაროა, რომ მხატვარი და მისი შესანიშნავი ნამუშევრები მოსახლეობისთვის უცნობია.

ფრიდონ ნიჟარაძის ნამუშევრები გამოირჩევა ინდივიდუალიზმით, ღრმა მნიშვნელობებითა და ნათელი ფერებით.

ის უშგულის მთებში, სუფთა ჰაერზე, ულამაზეს ბუნებაში ცხოვრობს და არ იყენებს მობილურს.

„ფორტუნა“ მის ძმას დაუკავშირდა. როგორც ბატონმა თემრაზმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ფრიდონმა ხატვა მაშინ დაიწყო, როცა ფეხი აიდგა.

მხატვარი ნამუშევრის შესაქმნელად ყველა ხერხს იყენებდა, რისი საშუალებაც ჰქონდა. მაგალითად, ნახშირით თოვლზეც ხშირად დაუხატავს, ქვებზე – ცარცითა და კირით.

მხატვრის ძმამ ისიც გვითხრა, რომ ფრიდონი თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, მაგრამ იგი ქალაქში არ დარჩენილა, ისევ სვანეთის მთებს დაუბრუნდა. მხატვარს თავისი გენიალური ნახატების გამოფენის მოწყობაზე ამბიცია არასოდეს ჰქონია, თუმცა 75 წლის ასაკში რომ მოაწყოს გამოფენა, ამაზე უარს არ იტყოდა.

წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, კავკასიონის მთებში, შუაგულ უშგულში, მთებში ჩაძირულ ერთ პატარა, მოკრძალებულ სახლში გენიალური ნახატებია გამოფენილი.

„სახლში აქვს გამოფენა და თვლის, რომ ესაა მისი გამოფენა“,  – განუცხადა „ფორტუნას“ ფრიდონის ძმამ.

მხატვარი თურმე იმასაც ამბობს, რომ ბუნება, სამყარო და ადამიანი მისი მთავარი ინსპირაციაა. ის ფიქრობს, რომ რეალიზმი იმიტაციაა, სწორედ ამიტომ აირჩია სიურეალიზმი. ადამიანები, რომლებიც მის შემოქმედებას იცნობენ, სიურეალისტ მხატვარს გენიოსს უწოდებენ.

მხატვრით ბრიტანული გამოცემა «The Independent»-იც დაინტერესდა. გამოცემის ერთ-ერთი სტატია, სათაურით, „“უშგულში, საქართველოს ყველაზე შორეულ სოფელში“ ავტორი ფრიდონ ნიჟარაძესაც ეწვია. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

„უშგულის სოფლებში სხვადასხვანაირი ადამიანები ცხოვრობენ: აქ არის, მაგალითად, სიურეალისტური მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე, იგი განდეგილს ჰგავს და როგორც ამბობენ, ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, თუმცა ალექსი მისი ნათესავია და მპირდება, გაჩვენებო.

მივდივართ სოფლის მიხვეულ-მოხვეულ ვიწრო ქუჩებში. მოჩანს რუსული სატვირთო ავტომანქანა, რომელიც ძველი და გაძარცულია. იქვე ახლოს ძროხები წვანან და იცოხნებიან. ვუახლოვდებით ნახევრად ქვით და ხით აგებულ შენობას. კიბესთან კაცი დგას და საეჭვოდ გვიმზერს, რომელიც ფრიდონი აღმოჩნდა. „მითხარი, როგორი იყო იოსებ სტალინისა და ფრანკლინ რუზველტის პოზიცია თეირანის კონფერენციის დროს?” – ეკითხება იგი ალექსს და, პასუხით კმაყოფილი, სახლში გვიწვევს, რათა საკუთარ ბიოგრაფიაზე გვესაუბროს.

„1970-იან წლებში თბილისში ვსწავლობდი, მაგრამ იქ ჩემთვის არაფერი მოუციათ. რისი დახატვაც მინდოდა, იმის უფლებას არ მაძლევდნენ. მე საპროტესტო გამოსვლებშიც ვმონაწილეობდი, როცა ქართული ენის აკრძალვა გადაწყვიტეს. დამიჭირეს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დამამწყვდიეს, რაღაც ნარკოტიკებს მიკეთებდნენ. ჯანმრთელობა სწორედ იმ დროიდან შემერყა“, – გვიყვება ფრიდონი.

მხატვარმა დიდი კარი გააღო და თავის სტუდია-სახელოსნოში მიგვიპატიჟა. „აი, ეს – მიგვითითებს ნახატზე, რომელზეც დიდი სვანური კოშკია გამოსახული, – ბაბილონის გოდოლია… ეს კი, – გვაჩვენებს ქალის გადაჯვარედინებულ ფეხებს – მაკრატელი“. ფრიდონის ნახატები მართლაც პროვოკაციულია, სიურეალისტური. ვეკითხები, საიდან გაქვს ასეთი შთაგონება-მეთქი. „კოსმოსიდან“, – მპასუხობს ფრიდონი უყოყმანოდ.

უკან დაბრუნებისას ფრიდონი უშგულის აღორძინებაზე მესაუბრება. მაჩვენებს ერთ-ერთ ნახატს და მეუბნება: „ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია. 1999 წელს დავხატე და თუ გაიყიდება, მთელ ფულს უშგულს მოვახმარ, იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ზამთარში რჩებიან“.

დარწმუნებული ვარ, რომ ფრიდონი სურათს კარგ ფასში გაყიდის“, – წერს “The Independent”-ის ჟურნალისტი.

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close