საზოგადოებასაბერძნეთი

ხანძარი ზაკინთოსზე: რას ჰყვება გუშინდელ კოშმარზე ჩვენი თანამემამულე ირმა ყიფშიძე-დრეგერი, რომელსაც კუნძულზე საკუთარი სასტუმრო და სახლი აქვს

საბერძნეთის კუნძულ ზაკინთოსზე გავრცელებული ძლიერი ტყის ხანძრის გამო ორი სოფლის და სასტუმროს ევაკუაცია განხორციელდა. სახანძრო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა და მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით სოფლებიდან 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები და ტურისტი გამოიყვანეს.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა, სულ ცოტა, ერთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. კუნძულზე გაჩენილ ხანძარს ძლიერი ქარი აძლიერებდა და მასთან ბრძოლას აძნელებდა. სტიქიას 100-ზე მეტი მეხანძრე ებრძოდა, მათ შორის, ჰაერიდანაც – ოპერაციაში, აგრეთვე, ჩართული იყო ორი ვერტმფრენი და ოთხი თვითმფრინავი. ზაკინთოსზე სახანძრო დანაყოფები ქვეყნის სხვა რაიონებიდანაც ჩაიყვანეს.

კუნძული ზაკინთოსი იონიის ზღვაში, ათენიდან დასავლეთით, დაახლოებით 300 კილომეტრში მდებარეობს.

nostal.ge ჩვენს თანამემამულეს, ირმა ყიფშიძე-დრეგერს დაუკავშირდა, რომელსაც კუნძულ ზაკინთოსზე საკუთარი სასტუმრო („იონიონ აპარტამენტები“) და სახლი აქვს. ქალბატონი ირმას თქმით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ძალიან დიდი განსაცდელი გამოიარა, თუმცა, ღვთის წყალობით, სახლიც და სასტუმროც ცეცხლს გადაურჩა.

„ბეწვზე გადავრჩი, ჩემს ირგვლივ ყველაფერი დაიწვა, – გვითხრა ქალბატონმა ირმამ. – ხანძარი გუშინ მეზობელ სოფელში, ლითაკიაში გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა ჩემს სოფელში – კერიში. ჩემი სასტუმროს უკანა მხარეს, საძინებლებიდან მოჩანდა ულამაზესი მწვანე ტყე, რომელიც ახლა აღარ არსებობს – დაიწვა (საქართველოდან ბევრი მეგობარია ნამყოფი ჩემს სასტუმროში და უნახავთ ეს ტყე). სასტუმროს წინ, საბედნიეროდ, ისევ არის ზღვის ლამაზი ხედი და სიმწვანე – ეს ნაწილი ცეცხლს გადაურჩა.

ხანძარს გუშინ მთელი დღის განმავლობაში ებრძოდნენ. მთავრობამ ძალიან ივაჟკაცა, გემებით გადმოიყვანეს მეხანძრეები, გადმოიტანეს ტექნიკა, სანამ დღის სინათლე იყო, ჰაერიდანაც აქრობდნენ ცეცხლს… სოფლის მცხოვრებლები – მამაკაცები, ქალები, ბავშვები – ყველა მობილიზებული იყო.

ჩემს სასტუმროში მცხოვრები ტურისტები – ავსტრიელები, რომლებსაც სასტუმროდან გაყვანა შესთავაზეს, არ წავიდნენ, არ დაგვტოვეს; ინგლისელებმა, მამაკაცებმა, ცოლ-შვილი ჩაიყვანეს ზღვასთან და თვითონ დაბრუნდნენ – ასეთი რამე არც გამიგია, საოცარი ფაქტი იყო, რადგან ვინც არის ნამყოფი კუნძულზე, იცის, როგორ უცბად შეუძლია ცეცხლს ალყაში მოგაქციოს…

როდესაც ცეცხლი უკვე ჩემს ეზოს მოადგა, თავლის კარგი გავაღე და გავუშვი ჩემი ცხენი და პონი, ქათმები, ჩემი ძაღლი – როკი, რომ თავისთვის ეშველათ… როკი არაფრით წავიდა, არ მომშორდა, მისმა საქციელმა ძალიან გამაოცა…

როკისთან ერთად, 2018 წ.

ღამის პირველ საათზე, ცეცხლი რომ ჩაქრა, დავინახე, რომ ცხენი და პონი დაბრუნდნენ უვნებლები და ძალიან გამიხარდა… ქათმებიც არ წასულან შორს, მალე ისევ მობრუნდნენ. საერთოდ, რადგან საბერძნეთში ხშირია ხანძრები, პრევენციის მიზნით, ტყესა და ჩემს ეზოს შორის ცარიელი ადგილი დავტოვე, თუმცა ამან არ უშველა, ისეთი სიმხურვალე იყო, ჩემს ეზოში ხეები დააჭკნო; კომში დგას ნაყოფით დახუნძლული და ახლა სულ დამჭკნარია სიმხურვალისგან ნაყოფი და ფოთლები“.

ირმა ყიფშიძე-დრეგერი ამბობს, რომ დილით, როდესაც გათენდა და სასტუმროს უკანა მხარეს მწვანე ტყის ნაცვლად შავი ნახანძრალი დაინახა, როდესაც საფრთხემ გადაიარა და ცოტა დამშვიდდა, მაშინ უფრო გააანალიზა, რა საშინელება მოხდა. საბერძნეთში ხშირია ტყის ხანძრები, თუმცა, ქალბატონი ირმას თქმით, ზაკინთოსზე ხანძარი არ ყოფილა, უფრო მიწისძვრაზე ჰქონდათ გადატანილი ყურადღება.

ამჟამად ცეცხლი ჩამქრალია, მაგრამ ქარის გამო საშიშროება ისევ არსებობს, ამიტომ ადგილზე რჩებიან მეხანძრეები, ტექნიკა, მათ შორის, ბულდოზერები.

* * *

მეხანძრეები მესამე დღეა ებრძვიან ტყის ძლიერ ხანძარს პოპულარულ კურორტ ლუტრაკშიც, რომელიც ათენიდან დაახლოებით 100 კმ-ში მდებარეობს. მათი ინფორმაციით, დღეს შუადღიდან ხანძარმა შესუსტება დაიწყო, ცეცხლის ალი აღარ ჩანს, მაგრამ მთის ფერდობებზე კვამლის უამრავი წყარო არსებობს, რაც მოწმობს, რომ ხანძრის საბოლოოდ ჩაქრობამდე ჯერ კიდევ შორია. მდგომარეობას ართულებს ძლიერი ქარი.

ცეცხლი ლუტრაკში შაბათს ნაშუადღევს გაჩნდა მთის ძირში, ადგილობრივი დროით 15:30 სთ-ზე და ძლიერი ქარის გამო სწრაფად დაიწყო გავრცელება ზემოთ, მთის ფერდობებზე. ხანძარი მთაზე მდებარე სამ მონასტერს დაემუქრა, რის გამოც მათი ბინადრების ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის ჩაქრობაში 180-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო, ვოლონტიორთა 2 ჯგუფი, არმიის ნაწილები, 2 ბულდოზერი, 10 ავტოცისტერნა, 2 ვერტმფრენი და 2 თვითმფრინავი.

ცეცხლის ჩაქრობისას რამდენიმე მეხანძრემ დაზიანება მიიღო, რადგან ხანძრის ადგილი ძნელად მისადგომია. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ნინო ლურსმანაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close