დემნა გვასალია VETEMENTS-იდან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მის მიერ დაფუძნებულ მოდის ბრენდს, VETEMENTS-ს ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ მოდის გამოცემა WWD ექსკლუზიურად ავრცელებს.

„ვფიქრობ, ჩემი მისია შევასრულე“, – ამბობს დემნა გვასალია, რომელმაც Vetements-ი 5 წლის წინ შექმნა.

Vetements-ში რჩება კომპანიის თანადამფუძნებელი და დემნა გვასალიას ძმა გურამ გვასალია. იგი ამბობს, რომ კომპანია საზღვარების გაფართოებას დემნას წასვლის შემდეგაც განაგრძობს.

„Vetements-ი შემოქმედებითი ადამიანების კოლექტივი იყო, ჩვენ განვაგრძობთ საზღვრების გაფართოებას, ბრენდის ჭეშმარიტი ფასეულობების პატივისცემით და მხარს დავუჭერთ სუფთა შემოქმედებას და ნიჭს“, – განაცხადა დემნა გვასალიას ძმამ გურამ გვასალიამ, თანადამფუძნებელმა და ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა. მისი სიტყვებით, „რასაც უკანასკნელ წლებში დემნამ მიაღწია, Vetements-ის ისტორიის მთავარი თავია, ჩვენ ვემადლიერებით დემნას იმ წვლილისთვის, რაც მოდის სახლის განვითარებაში შეიტანა“.

დემნა გვალასია „ბალენსიაგას“ კრეატიულ დირექტორად რჩება. მოდის სახლი 2020 წლის გაზაფხულის სეზონის ჩვენებას პარიზში რამდენიმე დღეში, 29 სექტემბერს მართავს.

გამოცემას დემნა გვასალიას ექსკლუზიური ინტერვიუ მიაწოდეს:

„Vetements-ი შევქმენი, ვინაიდან მობეზრებული მქონდა მოდა; Vetements-ის გამოჩენის შემდეგ, ყველაფრის მიუხედავად, მოდა ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა. ამან ბევრს ახალი კარი გაუხსნა, ამიტომ ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე, როგორც კონცეპტუალისტმა და ნოვატორმა დიზაინერმა, Vetements-ი გადაიქცა კომპანიად, რომელსაც თავად შეუძლია განავითაროს შემოქმედებითი მემკვიდრეობა და დამოუკიდებლად შექმნას ახალი თავი“, – აცხადებს დემნა გვასალია.

radiotavisupleba.ge

დემნა გვასალიას ნამუშევრების ფოტოგალერეა:

კომენტარები