კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

თემქაზე ცეცხლის ჩასაქრობად გამოძახებულმა მეხანძრეებმა ბინაში მოკლული ქალი ნახეს

ზღვის უბანში, თემქაზე ცეცხლის ჩასაქრობად გამოძახებულ მაშველებს ბინაში გარდაცვლილი ქალი დახვდათ.

სახანძრო-სამაშველო სამსახური მეზობლებმა გამოიძახეს, რადგან ბინაში ხანძარი იყო, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც სამაშველო ბრიგადამ ხანძარი ჩააქრო, ადგილზე თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი ქალი ნახეს.

ქალს სასიკვდილო ჭრილობები თავის არეში, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც გარდაცვლილის მეზობელმა ეთერ იმერლიშვილმა ინტერპრესნიუსს განუცხადა, შემთხვევის დროს ქალი სახლში, სავარაუდოდ, მარტო იყო.

მისივე თქმით, გარდაცვლილი 62 წლის სიმა მირზოევაა. ჰყავს მეუღლე, ერთი შვილი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მეორე – თბილისის სხვა უბანში.

„დაახლოებით 11:30 საათისთვის შეამჩნიეს კვამლი სახლში, გამოიძახეს მაშველები, მოვიდნენ და ნახეს გარდაცვლილი ქალი. თავის არეში აქვს მიყენებული დარტყმა. ქალი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. დღეს მეუღლე სამსახურში წავიდა და ამ პერიოდში მოხდა ეს ამბავი. მერე დავურეკეთ მეუღლეს, რომელმაც კარები გააღო და ნახა ეს ამბავი. პოლიცია ამბობს, რომ ქალს თავი ბასრი იარაღით აქვს დასერილი”, – განაცხადა იმერლიშვილმა.

სიმა მირზოევას მეუღლე პოლიციამ გამოკითხვაზე წაიყვანა. გარდაცვლილის მეზობლებს უჭირთ საუბარი, რა შეიძლება გამხდარიყო 62 წლის ქალის მკვლელობის მოტივი.

„მეზობელმა დაიძახა, რომ კვამლიაო, ყველა გავედით. დავინახეთ, რომ კვამლი გამოდიოდა მე-6 სართულიდან. გამოვიძახეთ სამაშველო სამსახური, მოვიდა სასწრაფოც. ამის შემდეგ მისი მეუღლეც მოვიდა. გარდაცვლილის ერთ-ერთი შვილი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მეორე კი, ვარკეთილში და ისიც მოვიდა. მიჭირს საუბარი, რა შეიძლება იყოს მომხდარის მიზეზი”, – ამბობს ინტერპრესნიუსთან საუბრისას კორპუსთან მდებარე მაღაზიის თანამშრომელი ნაზი ფალავანდიშვილი.

სიმა მირზოევას სახლიდან სავარაუდოდ, წაღებულია ოქროულობა, – ამის შესახებ გარდაცვლილის ბიძაშვილმა ინტერპრესნიუსს განუცხადა.

„როგორც ვიცი, სახლიდან მკვლელობის შემდეგ, სავარაუდოდ, ოქროულობაა წაღებული. გარდაცვლილის მეუღლე დღეს, მას შემდეგ, რაც სიმას გარდაცვალების ამბავი გაიგო, პოლიციას ესაუბრებოდა, რომ სამი დღის წინ ბანკიდან ოქრო გამოვიტანეო”, – განაცხადა გარდაცვლილის ბიძაშვილმა.

62 წლის სიმა მირზოევას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

akhalitaoba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close