გავრილოვი ბერძნულ „კათიმერინს“ ესაუბრა – ჟურნალისტის მიერ ფაქტების უნებლიე თუ განზრახ დამახინჯება?
5 აგვისტოს ერთ-ერთ წამყვან ბერძნულ გაზეთში, „კათიმერინში“ გამოქვეყნდა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ინტერვიუ, რომელიც 20 ივნისის ღამეს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხება.
გავრილოვმა ინტერვიუში გაიმეორა თავისი ცნობილი თეზისები, რომლებიც არაერთხელ მოგვისმენია და წაგვიკითხავს 20 ივნისის შემდგომ დღეებში. საგულისხმოა, რომ ინტერვიუს სათაურად გამოტანილია მისი სიტყვები: „რუსეთი საუკუნეების განმავლობაში შველოდა საქართველოს“.
ამჯერად ნაკლებად შევეხებით გავრილოვის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. გაცილებით საინტერესოა ბერძენი ჟურნალისტის, სტავროს ძიმასის შესავალი ინტერვიუს წინ. ძიმასის თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის ჩაჯდომის შემდეგ „მოქალაქეთა ჯგუფებმა ნაციონალისტი დეპუტატების ხელმძღვანელობით პარლამენტის შენობას ალყა შემოარტყეს და ზოგიერთი მათგანი შენობაშიც კი შეიჭრა“. ბერძენი ჟურნალისტი იზიარებს მოსაზრებას, რომ არეულობა წინასწარ იყო დაგეგმილი და მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის დაწყების წინ, რამდენიმე დღის განმავლობაში „ინტერნეტი გაივსო ზიზღით რუსების მიმართ“ (Μέρες πριν, το Διαδίκτυο είχε πλημμυρίσει με μίσος κατά των Ρώσων).
ინტერვიუს ახლავს ორი ფოტოსურათი. საინტერესოა მათი აღწერა. პირველ სურათზე 20 ივნისის ღამეს საქართფველოს პარლამენტთან შეკრებილი ადამიანები ჩანან. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს გავრილოვი უკვე საქართველოში აღარ იმყოფებოდა, ფოტოსურათის აღწერაში მითითებულია, რომ „ქართველები ალყას არტყამენ პარლამენტის შენობას, სადაც მიმდინარეობს მართლმადიდებელ სახელმწიფოთა საპარლამენტთაშორისი ასამბლეა“. მეორე სურათზე გამოსახულია გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ტელეფონით ხელში და აღნიშნულია რომ, „სერგეი გავრილოვს აცნობებენ არეულობის შესახებ. ცოტა ხანში მომიტინგეები შევლენ დარბაზში და მას თავმჯდომარის სავარძლელს დაატოვებინებენ“.
ზემოთ აღნიშნული პასაჟები, როგორც უკვე ხვდებით, ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ქართველებმა, თავიანთი აგრესული ქმედებებით, საფრთხე შეუქმნეს საერთაშორისო კონფერენციის მუშაობას. მით უმეტეს, ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ასამბლეა თავის დროზე საბერძნეთის ინიციატივით შეიქმნა. ცხადია, წარმოდგენილი არაა ქართული მხარის პოზიცია, რაც სამწუხაროა და ხელს უწყობს საბერძნეთში ჩვენი ქვეყნის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას.
სრული ინტერვიუ ბერძნულ ენაზე იხილე აქ:
კომენტარები