პოლიტიკასაბერძნეთი

ათენის ახალი მერი – კოსტას ბაკოიანისი დიდ პოლიტიკოსთა ოჯახიდან

2 ივნისს საბერძნეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. დედაქალაქის მერის არჩევნებში დამაჯერებლად, ხმების 65 პროცენტით, კოსტას ბაკოიანისმა გაიმარჯვა.

კოსტას ბაკოიანისი 1978 წელს ათენში დაიბადა. 2000 წელს მიიღო აშშ-ის ბრაუნის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ისტორიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში, 2004 წელს კი ჰარვარდის უნივერსიტეტის საჯარო მართვისა და პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალობის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. ამჟამად იგი ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტია. სამხედრო სამსახური საჰაერო-სადესანტო ძალების სპეციალური დანიშნულების რაზმში გაიარა. პოლიტიკური საქმიანობა ბაკოიანისმა 2011 წელს კარპენისის მერის თანამდებობაზე დაიწყო.

კოსტას ბაკოიანისის დედა დორა ბაკოიანი „ნეა დიმოკრატიას“ დამაარსებლისა და საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კონსტანტინე მიცოტაკისის შვილი და პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის, კირიაკოს მიცოტაკისის და, სხვადასხვა დროს იყო პარტია „ნეა დიმოკრატია“ დეპუტატი, კულტურისა და საგარეო საქმეთა მინისტრი. 2003 წელს დორა ბაკოიანი ქალაქ ათენის მერად აირჩიეს და იგი საბერძნეთის დედაქალაქის პირველი ქალი მერი იყო.

ათენის ახლად არჩეული მერის მამა, პავლოს ბაკოიანისი ჟურნალისტი და პოლიტიკური მოღვაწე იყო. 1989 წლის ზაფხულში ის პარლამენტის წევრი გახდა. იმავე წლის 26 სექტემბერს პავლოს ბაკოიანისი ულტრამემარცხენე ტერორისტული ორგანიზაცია „17 ნოემბრის“ მსხვერპლი გახდა – იგი ათენის ცენტრში მდებარე თავისი ოფისის წინ ჩაცხრილეს.

როგორც ჩანს, ათენის ახალ მერს პოლიტიკური საქმიანობა არ გაუჭირდება და მას მხარდაჭერა ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლებისგან ექნება, რადგან, დიდი ალბათობით, მომავალ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „ნეა დიმოკრატია“ გაიმარჯვებს და ბიძამისი, კირიაკოს მიცოტაკისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close