იტალიაპოლიტიკა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ულტიმატუმს უყენებს მმართველი კოალიციის ლიდერებს და გადადგომით იმუქრება

ჯუზეპე კონტე ულტიმატუმს უყენებს მატეო სალვინის და ლუიჯი დი მაიოს და გადადგომით იმუქრება.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მმართველი პარტიების ლიდერებმა – მატეო სალვინიმ და ლუიჯი დი მაიომ უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა მუშაობის გაგრძელება ახლანდელ კოალიციურ მთავრობაში თუ გაყრას ამჯობინებენ. თუ კოალიციური მთავრობა დაიშლება, კონტე აპირებს „მანდატი პრეზიდენტ სერჯო მატარელას ხელში დააბრუნოს“.

უპარტიო იურისტი ჯუზეპე კონტე „ლიგამ“ და „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ კოალიციური მთავრობის „კომპრომისული“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2018 წლის მაისის ბოლოს მიიწვიეს. მისი უფლებამოსილების ვადა კანონით 2023 წელს იწურება.

ევროპარლამენტის არჩევნებამდე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სახელისუფლებო პარტიები ერთმანეთს სხვადასხვა ბრალდებას უყენებდნენ ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად, რაც ნეგატიურად აისახა მთავრობის მუშაობაზე.

მთავრობის ახლანდელ შემადგენლობაში „ლიგას“ მხოლოდ  მესამედი პოსტი უკავია, თუმცა ევროპარლამენტის არჩევნებში 2-ჯერ მეტი ხმა დააგროვა (34%), ვიდრე „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“, რის შემდეგაც დე ფაქტო შესთავაზა კოლეგებს, ან მათი პროგრამით იმუშაონ, ან მთავრობა დაითხოვონ. ასეთი სცენარის შემთხვევაში მოსალოდნელია ვადამდელი არჩევნები, მემარჯვენე ცენტრისტული კოალიციის გამარჯვება და მატეო სალვინის გაპრემიერება.

Il Fatto Quotidiano-ს ინფორმაციით, ორი მმართველი პარტიის ლიდერებმა მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ერთად მუშაობა. თუ პარტიები ვერ შეთანხმდებიან, კონტე იმუქრება, რომ გადადგება და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამოაცხადებს.

გაზეთი La Repubblica, სანდო წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ კონტეს უნდა, მოუწოდოს კოალიციას, მიიღონ ევროკავშირის საბიუჯეტო წესები და ამით თავიდან აიცილონ ევროკომისიის დისციპლინური ზომები (სოლიდური ჯარიმა).

მთავრობას, რომელიც 2018 წლის ივნისიდან იმყოფება ხელისუფლების სათავეში, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება გადასახადების შემცირებით  და სოციალური ხარჯების ზრდით უნდა, რის გამოც იტალიის ვალი ევროკავშირის წინაშე გაიზრდება. „ბლუმბერგი“ წერს, რომ იტალიის სახელმწიფო ვალი ამ ტემპებით 2019 წელს საბერძნეთის მაჩვენებელს გაუტოლდება.

3 ივნისს საღამოს კიჯის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯუზეპე კონტემ საჯაროდ წაუყენა ულტიმატუმი მმართველ პარტიებს: „თუ არ მექნება მკაფიო პასუხი, მანდატს უკან დავაბრუნებ. პერსონალურად მზად ვარ გარკვეული ცვლილებების გზით ვიმუშაო, მაგრამ  მე მარტო ვერ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას… ორმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააცნობიეროს თავისი ამოცანა. თუ ეს ასე არ მოხდება, მე აღარ მივცემ საკუთარ თავს უფლებას, გავაგრძელო კიჯის სასახლეში ჩემი ყოფნა. ძალიან მარტივად, თანამდებობას დავტოვებ“, – განაცხადა ჯუზეპე კონტემ პრესკონფერენციაზე.

კონტეს ულტიმატუმს სალვინი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა – მან ფეისბუქში დაწერა: „ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია მუშაობა, ყურადღებას არ ვაქცევდით დაპირისპირებებს და შეურაცხყოფასაც კი და იტალიელებმა ეს დაგვიფასეს 9 მილიონი ხმით კვირას გამართულ არჩევნებზე… ჩვენ მზად ვართ, ჩვენ გვინდა წინ სიარული და არ გვაქვს დასაკარგი დრო. „ლიგა“ აქ არის!“

„ადამიანური მხრივ, ორი ასპექტია: მე ვითხოვ, რომ „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ მინისტრებზე შეტევები შეწყდეს და პატივი სცენ მათ მუშაობას. და რადგან კონტარქტით ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი, ახლა არ არის გაყრის დრო… კონტრაქტს პატივი უნდა ვცეთ და ახლა არ არის იმ თემების დრო, რომლებიც განხეთქილებას იწვევს. ჩვენ ერთგულები ვართ, მზად ვართ დაუყოვნებლივ შევუდგეთ მუშაობას და  ვფიქრობთ, რომ ფაქტები საუკეთესო პასუხია ამ მომენტისთვის“, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში, თავის მხრივ, ლუჯი დი მაიო კონტეს ულტიმატუმს.

იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრი ჯანმარკო ჩენტინაიო 3 ივნისს პრემიერ კონტეს უსურვებდა, მოეხდინა სასწაული, რათა ქვეყანა ვადამდელი არჩევნებისგან გადაერჩინა: „თუ სასწაული არ მოხდება, ქვეყანას ვადამდელი არჩევნები ელოდება“, – აცხადებდა იგი.

შეძლო თუ არა „სასწაულის მოხდენა“ კონტემ, თუ მაინც შეუძლებელია მმართველი კოალიცის შენარჩუნება, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.

ნიკო აბაშიშვილი

მსგავს თემაზე: ჯუზეპე კონტე მეორე ვადაზე უარს ამბობს – ვინ შეცვლის მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე?

ჯუზეპე კონტემ ყველა წინა პრემიერს გაუსწრო ხალხის მხარდაჭერის მაჩვენებლით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close