fbpx
იტალიაპოლიტიკა

ჯუზეპე კონტე მეორე ვადაზე უარს ამბობს – ვინ შეცვლის მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე?

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე მთავრობაში მხოლოდ ერთი ვადით იქნება. კონტემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავისი უფლებამოსილებების ვადის ამოწურვის შემდეგ (2023 წელს) ხელისუფლებაში დარჩენას აღარ აპირებს, – ამის თაობაზე დღეს, 25 მარტს AGI.IT იუწყება.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კონტე, იტალიის კოალიციურ მთავრობაში „შუამავლის“ როლის წარმატებით შესრულების შემდეგ, დაწინაურდება და იტალიის წარმომადგენელი გახდება ევროკომისიაში; აგრეთვე, შესაძლებელია, რომ იგი, უბრალოდ, პოლიტიკიდან წავიდეს და ადვოკატის საქმიანობას დაუბრუნდეს.

ჯუზეპე კონტე იტალიის პრემირ-მინისტრად 2018 წლის ივნისში დაინიშნა. მისი კანდიდატურა მმართველი კოალიციის შემქმნელი ორი პარტიის – მატეო სალვინის „ჩრდილოეთის ლიგის“ და ლუიჯი დი მაიოს „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ კომპრომისული ვარიანტია. უპარტიო ჯუზეპე კონტე პროფესიით იურისტია. ვის გაუთავისუფლებს იგი პრემიერ-მინისტრის პოსტს? შესაძლებელია თუ არა, რომ ეს მატეო სალვინი იყოს? – ამის განმსაზღვრელი იქნება იტალიის ახალი მთავრობის ძირითადი რეფორმების შედეგები. ცნობილია, რომ მატეო სალვინი დღეს იტალიაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია.

მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ, რომელიც მატეო სალვინის, სილვიო ბერლუსკონის და ჯორჯო მელონის პარტიებს აერთიანებს, ბაზილიკატის პროვინციაში გუბერნატორის არჩევნებში გაიმარჯვა – კოალიციის კანდიდატმა ვიტო ბოერიმ ხმების 42%-ზე მეტი მიიღო და 10%-ით გაუსწრო ძირითად კონკურენტს დემოკრატიული პარტიიდან. ამის თაობაზე დღეს იტალიური მედია იუწყება. იტალიაში ადგილობრივი არჩევნების მხოლოდ ერთი ტური ტარდება.

მემარჯვენე ცენტრისტულმა კოალიციამ იტალიის 2018 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართული ყველა ადგილობრივი არჩევნები მოიგო და 11 პროვინციაში მოიპოვა ხელისუფლება (ამ მაჩვენებლით მათ ლიბერალებს – ყოფილ მმართველ დემოკრატიულ პარტიას – გაუსწრეს, რომელთა კანდიდატებს 9 პროვინციაში უკავიათ მმართველი პოსტი).

ბერლუსკონი არაერთგზის სთავაზობდა სალვინის, ანალოგიური კოალიცია შეექმნათ ეროვნულ დონეზე (ამ შემთხვევაში „ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა), თუმცა სალვინი უარს ამბობს. როგორც ჩანს, მას უკეთესი გეგმა აქვს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close