კინო/ფილმებიარტისტი

„და როგორც ნისლი უფსკრულის პირზე, ირხევა შენი ლამაზი ტანი“ – უდიდესი ტრაგიკოსის გახსენება

ვერიკო ანჯაფარიძეს, როგორც ქართველთა წესია, დიდი სიყვარულის და პატივისცემის ნიშნად, უბრალოდ, ვერიკოს ეძახდნენ. მას ლექსებს უძღვნიდნენ, ეტრფოდნენ არა მარტო საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, არამედ ჩვეულებრივი მოკვდავნი, მთელი საქართველო… იგი დიდხანს იყო ქართველი პოეტების, მათ შორის, პირველი მეუღლის, პოეტ შალვა ამირეჯიბის შთაგონების წყარო. ლადო ასათიანმა სწორედ ვერიკოს უძღვნა დაუვიწყარი სტრიქონები: „და როგორც ნისლი უფსკრულის პირზე / ირხევა შენი ლამაზი ტანი“, მიხეილ ჭიაურელმა კი საყვარელ ქალს პირველი პაემნის ადგილას სახლი აუგო.

მანამდე იყო ქუთაისში, არისტოკრატიულ ოჯახში გატარებული ბავშვობა და დიდი აკაკის სიტყვები: „შენ უნდა ასახელო ჩვენი საყვარელი სამშობლო მეოცე საუკუნეში. კარგად დაიმახსოვრე“.

დაიმახსოვრა და ასახელა კიდეც!

სიკვდილამდე (1987 წლის 30 იანვარი – რედ.) ცოტა ხნით ადრე ბრიტანეთის ხელოვნების აკადემიამ ვერიკო ანჯაფარიძე მეოცე საუკუნის მსოფლიო ტრაგიკოსთა ათეულში შეიყვანა.

პატარა ტრაგიკოსი

თეატრი ვერიკოს ბავშვობიდან იტაცებდა, განსაკუთრებით ტრაგიკული სცენების წარმოდგენა ხიბლავდა: „ძილის წინ ხელებს გულზე დავიკრეფდი და წარმოვიდგენდი, ვითომ მოვკვდი. სასტუმრო ოთახის კედელზე დიდი ხალიჩა გვეკიდა, მის უკან თახჩა იყო. იქ შევძვრებოდი ხოლმე, საათობით ვიჯექი სიბნელეში, რაღაც საშინელებას წარმოვიდგენდი და როცა მართლა შემეშინდებოდა, კივილით გამოვვარდებდი ხოლმე იქიდან. მსიამოვნებდა, თუ გარშემომყოფთ ვებრალებოდი. საღამოობით, როცა ყველა შინ იყო, როიალს მივუჯდებოდი, სამგლოვიარო მარშს ვუკრავდი, ვტიროდი და მინდოდა, რომ ჩემთან ერთად სხვებსაც ეტირათ“.

შეშფოთებულ მშობლებს ვერიკოს ამგვარი განწყობის მიზეზი ვერაფრით აღმოეჩინათ. ბოლოს თავადავე გამოტყდა თურმე: რადგან ულამაზო ბავშვი ვიყავი, თავს აყვანილად ვთვლიდიო…

ეს „ულამაზო ბავშვი“ სცენის  დედოფალი გახდა – ტრაგიკული როლების უბადლო შემსრულებელი. სამოც წელს იყო მიტანებული, მარიამ სტიუარტი რომ ითამაშა, სამოცდახუთი წლისამ კი – კოლხი მედეა…

„მარიამ სტიუარტი“

რაც შეეხება სიყვარულს, ერთ მშვენიერ დღეს უბრალო მემწვანილის ვაჟი და არისტოკრატი ქალიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ და სიყვარულმაც ფრთები შეასხათ…

საბედისწერო შეხვედრა

„ვიღაცამ დაიძახა, აგერ, მგონი, ვერიკო მოდისო. რამ ამაღელვა მაშინ, ვერ ავხსნი… მე თვითონ გაკვირვებული ვარ… ალბათ არსებობს რაღაც აუხსნელი წინასწარი გრძნობა, რომლის დაძლევა ძნელი ხდება. ვცდილობდი, ოდნავაც არ შემმჩნეოდა მღელვარება. შეუმჩნევლად გადავიხედე და… მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯით. ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა… არაჩვეულებრივად მაღალი ყელი, ვერ გაიგებდი ვის უყურებდა, ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა. ყველას მოგვესალმა და მომეჩვენა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი… და ვხედავდი მხოლოდ მას!.. ეზოში მწვანეზე ჩამოვსხედით ყველა. მოხდა ისე, რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. რა ბედნიერებაა!.. ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშნავდა ეს… ჯაბადარმა ახალგაზრდა მსახიობ ქალს სთხოვა, რაიმე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა. სთხოვდნენ ჩვენი მსახიობებიც. „ვთხოვ, იქნებ დამიჯეროს“, – გავიფიქრე და თითქმის ჩურჩულით ვთქვი, მეც ძალიან გეხვეწებით-მეთქი. მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო… რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე? არ ვიცი… საოცარი მუსიკალური ხმა გაისმა. ეს იყო ძლიერი ექსპრესიით, იდუმალებით წაკითხული ლექსი. ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, მეჩვენებოდა, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის იყო!.. ვატყუებდი ჩემს თავს. რატომ? რატომ? რა ახლოს იყო მისი ხელი დაბლა ხალიჩაზე. ვეღარაფერს ვგრძნობდი… მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე…“ – ასე იხსენებდა ვერიკოსთან პირველ შეხვედრას მიხეილ ჭიაურელი. და ეს მოხდა ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში, სადაც მოსკოვიდან ჩამოსული ვერიკოც დადიოდა. მეცადინეობები საგარეჯოში მიმდინარეობდა. პირველი შეხვედრაც საგარეჯოში იყო.

ვერიკო და მიშა

დაწუნებული სარძლო

მიშას და ვერიკოს ერთმანეთი შეუყვარდათ – შეუყვარდათ გაგიჟებით და ეს გრძნობა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გაჰყვათ. როდესაც მიხეილ ჭიაურელი ქანდაკების შესასწავლად გერმანიაში (ვაიმარში) გაგზავნეს, ვერიკომ უთხრა: „მეც წამოვალ!“ – და მასთან ერთად წავიდა საზღვარგარეთ, ისე რომ ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი. საშინელი სკანდალი ატყდა: რას აღარ ლაპარაკობდნენ… რა იცოდნენ, რომ ნამდვილ სიყვარულს წინ ვერაფერი დაუდგებოდა!

ვერიკო ერთ კვირაში დაბრუნდა გერმანიიდან, რადგან მარჯანიშვილის თეატრში პრემიერა მზადდებოდა და მას ვერაფრით გამოაკლდებოდა. მიშამ მშობლებთან წერილი გამოატანა. ვერიკომ ეს წერილი მიშას მშობლებს სახლში მიუტანა. მიშას მამა, ედიშერ ჭიაურელი, მაგიდასთან იჯდა და მწვანილს არჩევდა. „გამარჯობა, ბატონო ედიშერ, მე ვერიკო ვარ, გერმანიიდან ჩამოვედი და მიშას წერილი მოგიტანეთ“. „ჩემი მიშასი? მამე, გენაცვალე, მამე“, – ედიშერმა სათვალე მოიმარჯვა და წერილის კითხვა დაიწყო: „დედა, მამა, ძალიან მენატრებით. იმედია, მალე გნახავთ, მაგრამ ვიდრე მე ჩამოვალ, მინდა იცოდეთ, ამ წერილის მომტანი არის ჩემი ცოლი – ვერიკო“. „რაო?“ – ედიშერმა ბოლო ფრაზა ხელახლა წაიკითხა და განაგრძო: „აბა, თქვენ იცით, ჩემს ჩამოსვლამდე მოუარეთ და მოეფერეთ“.

ედიშერს ვერიკო არ მოეწონა! მის წინ იდგა ქალი სხვა სამყაროდან. „სოფიო, – დაუძახა ცოლს, – გამოდი ერთი, ვიღაც ვერიკო მოვიდა, წერილი ჩამოგვიტანა, შენი შვილი გვწერს, ჩემს ჩამოსვლამდე მოეფერეთო, მიდი და ეფერე!“

როდესაც მიშა გერმანიიდან დაბრუნდა, მის ოჯახში ახალ ნათესავებთან შესახვედრად დაიწყეს მზადება. ედიშერი ზუსტად სტუმრების მოსვლის წინ სადღაც გაქრა. სუფრა მიშამ წარმართა. იგი მოწოდების სიმაღლეზე იყო: გიტარაზე უკრავდა, მღეროდა, შაირობდა… ვახშამმა შესანიშნავად ჩაიარა. ვერიკოს არისტოკრატი დედა აღფრთოვანებული იყო: „ღმერთო ჩემო, ქალბატონო სოფიო, რა კარგად მღერის თქვენი შვილი! ვერიკომ მისი ნახატები მაჩვენა, შესანიშნავია, „ექსტრაორდინერ“… ნიჭიერი ყმაწვილია. ვერიკო შეყვარებულია, შეყვარებული… „მონ დიე“!

ამ დროს კარი გაიღო და ედიშერი გამოჩნდა. „სადა ხარ, ბიჭო, შემოდი, გაიცანი, ეს ჩვენი ვერიკოს დედაა“, – ეუბნება სოფიო. „ანტღე, ანტღე (ფრნგ.), მობრძანდით, ბატონო ედიშერ, ყავა მაინც დალიეთ ჩვენთან ერთად“… „ყავას არ ვსვამ“, – ჩაილაპარაკა ედიშერმა და სანამ არისტოკრატ ქალს გული წაუვიდოდა, ისღა წაიბურტყუნა, რომ მათი შვილები ერთმანეთს არ შეეფერებოდნენ…

მაგრამ სხვა…

თუმცა მანამდე, მიუხედავად დიდი გრძნობისა, ვერიკო ცოლად გაჰყვა არა მიხეილ ჭიაურელს, არამედ სახელოვან შალვა ამირეჯიბს, ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს, ეროვნულ-დემოკრატს, პოეტსა და ჟურნალისტს, რომელიც თერთმეტი წლით უფროსი იყო მასზე. ვერიკო მას ჯერ კიდევ ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში სწავლის პერიოდიდან იცნობდა. წყვილმა ჯვარი ქვიშხეთში, პატარა ეკლესიაში დაიწერა. ეკლესიიდან გამოსულ პატარძალს გული წაუვიდა – მას ხომ უზომოდ უყვარდა მიხეილ ჭიაურელი, რომელსაც ამ დროს უკვე ცოლ-შვილი ჰყავდა… ამბობენ, რომ ვერიკომ ამ ნაბიჯით მამას თხოვნა შეუსრულა, რომელმაც სიკვდილის წინ უთხრა, ცოლად შალვა ამირეჯიბს გაჰყოლოდა. ალბათ თავად ვერიკოც ფიქრობდა, სხვისი ცოლი თუ გახდებოდა, გრძნობებს დაიმორჩილებდა, მაგრამ…

თავიდანვე განწირულ ურთიერთობას ისიც დაემატა, რომ ვერიკოს და შალვას ახლად შეძენილი ქალიშვილი გარდაეცვალათ. ისინი ერთმანეთს დასცილდნენ, თუმცა მიუხედავად განშორებისა, შალვა ამირეჯიბს ვერიკო სიკვდილამდე უყვარდა – ცოლი ემიგრაციაში წასულსაც არ შეურთავს (დიდი არტისტის გარდაცვალებიდან თითქმის ოცი წლის შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბის რომანი „გორა მბორგალი“ გამოიცა, რომელშიც ერთი პატარა მონაკვეთი ვერიკო ანჯაფარიძისა და შალვა ამირეჯიბის ურთიერთობას ეხება – შალვა ჭაბუას ბიძა იყო).

ვერიკო კი ცოლად მიხეილ ჭიაურელს გაჰყვა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიშამ ვერიკოს პირველი პაემნის ადგილას, ფიქრის გორაზე სახლი აუგო, ერთობლივად კი ისეთი შესანიშნავი ფილმები შექმნეს, როგორიცაა: „დიადი განთიადი“, „გიორგი სააკაძე“, „ბერლინის დაცემა“, „ოთარაანთ ქვრივი“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“…

მარჯვნიდან: მიხეილ ჭიაურელი, ვერიკო, სოფიკო, გიორგი შენგელაია

როგორ „აქცია“ მიშას „კრაისლერი“ ვერიკომ „მოსკვიჩად“

წლების წინათ, მიხეილ ჭიაურელზე სტატიის მომზადებისას, სოფიკომ ჩემთან საუბრისას ძალიან საინტერესო ფაქტები გაიხსენა, მათ შორის, თუ როგორ ავსებდა მიშა ვერიკოს საჩუქრებით: „დედა და მამა აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანები იყვნენ – პლუსი და მინუსი. ალბათ იმიტომ იზიდავდნენ ასე ძლიერად ერთმანეთს. მახსოვს, როგორ უხსნიდნენ ერთმანეთს სიყვარულს ტელეფონში, როცა მამა მოსკოვში იყო და დედა აქ, თბილისში. და როგორ ბრაზდებოდა ხოლმე ვერიკო, როცა მორიგ ტელეგრამას მიიღებდა: „სამწუხაროდ, ჯერ ვერ ჩამოვდივარ, გადაღებები გრძელდება, უზომოდ მიყვარხარ. მიშა“. მერე ჩამოდიოდა და დედას საჩუქრებით ავსებდა, დედა კი ამ საჩუქრებს მაშინვე თავის დაქალებს ურიგებდა. ისინი სხვადასხვა დროსა და განზომილებაში ცხოვრობდნენ: მამა – „ქვათა შეგროვების“, ვერიკო – „ქვათა გაბნევის“ ჟამს.

ერთხელ მამას ამერიკული მანქანა – „კრაისლერი“ აჩუქეს. მაშინ ეს იყო პირველი და ერთადერთი ამერიკული მანქანა თბილისში. ამ მანქანით ქუჩაში სიარული შეუძლებელი იყო, რადგან მთელი თბილისი უკან მოგვყვებოდა. როდესაც მამა მოსკოვში წავიდა, დედამ ეს მანქანა გაყიდა და „პობედა“ იყიდა – ვალი მქონდაო, უთხრა მამას. როცა მამა კიდევ ერთხელ წავიდა მოსკოვში, დედამ ეს „პობედაც“ გაყიდა და „მოსკვიჩი“ დაახვედრა. „საყვარელო, ალბათ შემდეგ ჩამოსვლაზე მოტოციკლით შემხვდები“, – უთხრა მამამ. „არა, ველოსიპედით“, – დაუბრუნა პასუხი ვერიკომ… სამწუხაროდ, ეს ხუმრობა არ იყო…

ვერიკო მამას თითქმის ყველა ფილმშია გადაღებული – მამას მოსწონდა იგი, როგორც მსახიობი. შემდეგ, როცა უკვე მე გავხდი მსახიობი, ჩემზე გადმოინაცვლა“ (მკითხველს ალბათ ახსოვს, რომ სოფიკო მიხეილ ჭიაურელის სამ ფილმშია გადაღებული: „გენერალი და ზიზილები“, „ამბავი ერთი ქალიშვილისა“ და „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“).

„მიყვარხარ, მენატრები…“

„აგვისტო. გილოცავ ფერისცვალებას. გუშინ შენი ქალიშვილი ვენეციიდან ჩამოვიდა – რაღაც პრიზი მიიღო. ფილმის სახელწოდება არ მახსოვს. ძალიან აქებდნენ სოფიკოს, ვენეციას კი არ დავიწყებიხარ (1946 წელს მიხეილ ჭიაურელის ფილმი „ფიცი“ ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან პრით დააჯილდოეს – ავტ.). გაზეთები იხსენებდნენ ორმოცდაექვს წელს, იმ ფესტივალს, შენს ფილმს, შენს გვარს და პრიზს. სხვათა შორის, მეც გამიხსენეს, როგორც შენი მეუღლე, ქალი, რომელიც ნაზი, მელოდიური ხმით – წამღერებით ლაპარაკობდა. ნეტავ ახლა მოასმენინათ ეს ჩემი ხმა – ბებერი ყვავი!.. ოჯახში ყველაფერი რიგზეა. მიყვარხარ, მენატრები“.

„დღეს აღმოვაჩინე შენი დიდი ხნის საჩუქარი. რა ლამაზი კაბა ყოფილა! რატომ არ ვიცვამდი?! ოჯახში ყველაფერი რიგზეა. მიყვარხარ, მენატრები“.

„გაგეცინება, მაგრამ თენგიზ აბულაძე – მგონი, შენი მოწაფეა – თავის ფილმში როლს მთავაზობს. არა, როლი უნდა ნახო – სულ ერთი ფრაზაა: „რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძართან არ მიგიყვანს?!“ ეგ წუწურაქი, ეგა, შეეძლო ჩემთვის უფრო დიდი როლი შემოეთავაზებინა. არა, თუ შენ არ გინდა, მე არ გადავიღებ, თუმცა რას გეკითხები?! მაინც ხომ ისე გავაკეთებ, როგორც მე მინდა. ოჯახში ყველაფერი რიგზეა. მიყვარხარ, მენატრები“.

„მიყვარხარ, მენატრები“, – ყველა წერილი ასე მთავრდებოდა და ამ წერილებს ვერიკო, არც მეტი, არც ნაკლები, გარდაცვლილ მეუღლეს სწერდა. მათ ბაღში ქრიზანთემები არ ჭკნებოდა, თენგიზ აბულაძის ფილმში კი მაინც მიიღო მონაწილეობა…

* * *

ამ რამდენიმე წლის წინათ მიხეილ ჭიაურელი კიდევ ერთხელ „შეხვდა“ საყვარელ მეუღლეს და მის გვერდით სამუდამოდ დაიდო ბინა მთაწმინდაზე, როცა სოფიკო ჭიაურელმა მამის ნეშტი კინოსტუდიის ბაღიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენა და, როგორც თავად ამბობდა, ამით ძალიან დიდი ლოდი ჩამოიხსნა გულიდან.

დღეს კი თავად სოფიკოც მშობლების გვერდითაა ზეციურ საქართველოში.

თამარ ოთიაშვილი 

„გიორგი სააკაძე“
„ოთარაანთ ქვრივი“
„მამლუქი“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close