„ოსკარი 2026“ – მთავარი გამარჯვებულები და ურალელი მასწავლებელი, რომელმაც პუტინის პროპაგანდაზე გადაღებული ფილმით „ოსკარი“ მიიღო
2026 წლის 15 მარტს ლოს-ანჯელესში გაიმართა კინოს სამყაროს ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოება – Academy Awards. კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ წლის საუკეთესო ფილმები და შემოქმედები 24 ნომინაციაში გამოავლინა. წელს „ოსკარს“ დაემატა ახალი ნომინაცია – Achievement in Casting (საუკეთესო კასტინგისთვის),
წლევანდელი, 98-ე ცერემონია განსაკუთრებით მრავალფეროვანი აღმოჩნდა: ტრიუმფი მოიპოვა რამდენიმე ძლიერმა დრამამ, ტექნიკურმა ბლოკბასტერმა და პოლიტიკურად მნიშვნელოვანმა დოკუმენტურმა ფილმმა.
გამარჯვებული ფილმი გახდა One Battle After Another („ბრძოლა ბრძოლას მოსდევს“), რომელმაც ერთდროულად ექვსი ჯილდო მიიღო, მათ შორის, „საუკეთესო ფილმისა“ და „საუკეთესო რეჟისორის“ ნომინაციებში. რეჟისორი პოლ თომას ანდერსონი კარიერაში პირველ „ოსკარებს“ დაეუფლა.
აკადემიის ჯილდო მიენიჭა, აგრეთვე:
- საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – Michael B. Jordan ფილმში Sinners
- საუკეთესო მსახიობი ქალი – Jessie Buckley ფილმისთვის Hamnet
- მეორეხარისხოვანი როლი (კაცი) – Sean Penn, One Battle After Another
- მეორეხარისხოვანი როლი (ქალი) – Amy Madigan, ფილმი Weapons
- საუკეთესო ანიმაციური ფილმი – KPop Demon Hunters
- საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი – Sentimental Value (ნორვეგია)
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში ლეონარდო დი კაპრიოც იყო წარდგენილი, ფილმიდან One Battle After Another, თუმცა აკადემიამ მაიკლ ბ. ჯორდანს მიანიჭა უპირატესობა.
ტექნიკურ კატეგორიებში სამი „ოსკარი“ მოიპოვა Frankenstein-მა, ხოლო ვიზუალური ეფექტების ჯილდო გადაეცა ფილმს Avatar: Fire and Ash.
საღამოს ერთ-ერთი ყველაზე პოლიტიკურად დატვირთული მომენტი დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში გამარჯვება აღმოჩნდა.
დოკუმენტური ფილმი რუსეთის სკოლებში სამხედრო პროპაგანდაზე
საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო მოიპოვა ფილმმა Mr Nobody Against Putin („ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“).

ფილმის ავტორები არიან რუსი დოკუმენტალისტი პაველ ტალანკინი და ამერიკელი რეჟისორი დევიდ ბორენშტეინი. რამდენადაც ბრონშტეინი ბოლო წლებში კოპენჰაგენში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ფილმი დანიის სახელით იყო წარდგენილი. სურათი ასახავს, თუ როგორ იცვლება რუსეთის განათლების სისტემა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ და როგორ ხდება სკოლებში სახელმწიფო პროპაგანდის გაძლიერება.
ფილმი ეფუძნება რეალურ კადრებს, რომლებიც თავად ტალანკინმა გადაიღო, როგორც სკოლის ღონისძიებების ვიდეოგრაფმა. მოგვიანებით მან ამ მასალით დოკუმენტურად აღწერა, თუ როგორ ხდება ბავშვების სამხედრო-პატრიოტული იდეებით აღზრდა და კრიტიკული აზროვნების შეზღუდვა.
აკადემიის ჯილდოს მიღებისას რეჟისორებმა ყურადღება გაამახვილეს ავტორიტარიზმისა და საზოგადოების დუმილის საფრთხეზე. მათი თქმით, სწორედ უბრალო ადამიანების გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, გადაიქცევა თუ არა საზოგადოება პროპაგანდის მსხვერპლად.
ურალელი მასწავლებელი, რომელმაც პროპაგანდის სისტემა სააშკარაოზე გამოიტანა
ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი თავად მისი თანაავტორია – რუსი მასწავლებელი პაველ ტალანკინი, რომელიც რუსეთის ურალის რეგიონში, ჩელიაბინსკის ოლქის პატარა ქალაქ კარაბაშის სკოლაში მუშაობდა.
მისი მოვალეობა იყო სკოლის ღონისძიებების, „პატრიოტული“ აქტივობებისა და ოფიციალური ცერემონიების გადაღება. სწორედ ამ პროცესში შეამჩნია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სკოლებში სისტემატურად გაჩნდა ახალი რიტუალები – სამხედრო სიმბოლოები, სახელმწიფო პროპაგანდისტული სიმღერები და ისტორიის პოლიტიზებული ინტერპრეტაციები.
ტალანკინმა გადაწყვიტა, კამერა მხოლოდ ოფიციალური ვიდეოებისთვის არ გამოეყენებინა. მან ფარულად დაიწყო კადრების გადაღება, სადაც ჩანდა, როგორ იცვლებოდა სასწავლო გარემო და როგორ ხდებოდა მოსწავლეებზე იდეოლოგიური ზეწოლა.
რუსეთიდან წასვლის შემდეგ მან ეს მასალა ამერიკელ რეჟისორს დევიდ ბორენშტეინს გადასცა. მათ ერთად შექმნეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც მსოფლიოს აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო პროპაგანდა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ფილმის პრემიერა 2025 წელს Sundance Film Festival-ზე გაიმართა და სპეციალური ჟიურის პრიზიც მიიღო, მოგვიანებით კი ბრიტანეთის კინოაკადემიის ჯილდო დაიმსახურა.
ნინო ხოშტარია



