ქართული ენის სწავლება ათენის კიდევ ერთ საჯარო სკოლაში დაიწყება

საბერძნეთის დედაქალაქ ათენის კიდევ ერთ, 150-ე საჯარო სკოლაში ამოქმედდება ქართული ენის სწავლების პროგრამა, რომელიც 2017 წლიდან უკვე მოქმედებს სატესტო რეჟიმში ათენის 50-ე საჯარო სკოლაში, სადაც ქართული ენის გაკვეთილები კვირაში ორჯერ ტარდება. ამის თაობაზე საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა განაცხადა.
პროექტი საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ლიკა ჯანელიძისა და სტუდენტთა და ახალგაზრდობის ასოციაციის ხელმძღვანელის, ანა ხულუზაურის ჩართულობით ხორციელდება.
ლიკა ჯანელიძე
ანა ხულუზაური

„მსურს, სიამოვნებით გაცნობოთ, რომ საელჩომ მიიღო ქ.ათენის მუნციპალიტეტის საბჭოს თანხმობა, რათა ქ. ათენის 150-ე საჯარო სკოლაშიც ამოქმედდეს ქართული ენის შესწავლის ანალოგიური პროგრამა. აღნიშნული საბჭოს ა. წ. 28 მარტის გადაწვეტილებით, 150-ე სკოლაში ქართული ენის სწავლება, ახალი აკადემიური წლიდან, 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყება“, – განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.

ელჩის თქმით, საბერძნეთში საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამის შემდგომი გაფართოება არა მარტო საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მომავალი თაობებისათვის მშობლიური ენის შენარჩუნების ამოცანას ისახავს მიზნად, არამედ, ასევე, მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს საბერძნეთის რესპუბლიკაში „ქართული ემიგრაციის იმიჯისა და პოზიციების გამყარების თვალსაზრისით”.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები