ჰოროსკოპი

შუმერების ასტროლოგია – როგორ შეიქმნა ზოდიაქოს ნიშნები

შუმერების ასტრონომიული ცოდნის რეკონსტრუქციის ერთადერთი საიმედო წყარო – მათი საკულტო კალენდარია.

კალენდრის ყოველი თვე იწყებოდა ახალმთვარეობიდან და მოიცავდა 29 ან 30 დღე-ღამეს არარეგულარული თანმიმდევრობით. თავის მხრივ, დღე-ღამე იყოფოდა 12 თანაბარ ორმაგ საათად, რომელიც გამოიხატებოდა სიგრძისა და მანძილის აღმნიშვნელი შუმერული სიტყვით; ორმაგი საათები იყოფოდა 30 უშად ანუ დროის გრადუსად. დროის ერთი გრადუსი მოიცავდა ზუსტად 4 თანამედროვე წუთს. სხვათა შორის, ხალხი უპირატესობას ანიჭებდა დღე-ღამის უბრალო დაყოფას სამ ეგრეთ წოდებულ „გუშაგად“ (1 გუშაგი = 8 საათი). ზაფხულში ღამის „გუშაგები“ უფრო მოკლე იყო, ვიდრე ზამთარში, დღის „გუშაგები“ – უფრო გრძელი.

შუმერულ კალენდართან დაკავშირებულია ზოდიაქოს სისტემაც, რომელიც მხოლოდ გვიანდელი პერიოდის ბაბილონური წყაროებიდან არის ცნობილი. შუმერებმა შეამჩნიეს, რომ ყოველი წლის ერთსა და იმავე თვეში ჰორიზონტზე ამოდის გარკვეული თანავარსკვლავედი, რასაც ისინი მოცემულ თვეში ბუნების მდგომარეობას უკავშირებდნენ – ამას შუმერების ტრადიცია რიტუალურ-მითოლოგიური ფორმით აფიქსირებდა. ასე გაჩნდა ჩვენთვის ცნობილი ბაბილონური ზოდიაქო:

ვერძი: ეს თანავარსკვლავედი იწყებდა წელს და ცის კაბადონზე გაზაფხულის ბუნიობის (დღეღამტოლობის) პერიოდში ჩნდებოდა.

შუმერები ვერძის თანავარსკვლავედს უწოდებდნენ ლა-ჰუნგას – „დაქირავებულ მუშას“ ან „მოხალისეს“. ის ჰორიზონტზე ამოდიოდა გაზაფხულის დღეღამტოლობის პერიოდში და ნიპურის წლის დასაწყისში, როცა ახალ მეფეს ირჩევდნენ. ტრადიციის მიხედვით, რჩეული უნდა ყოფილიყო მოხალისე, რომელსაც სურდა ძველი სამყაროს ძალები ორთაბრძოლაში გამოეწვია და მათ შებრძოლებოდა. ეს არის საკუთარი თავის მსხვერპლად შემწირველი ჭაბუკი, რომელმაც იცის, რომ მისი შეუპოვრობა საკუთარ თავში მალავს ორმაგ საშიშროებას: მას ან ორთაბრძოლაში მოკლავენ, ან გარკვეული დროის შემდეგ, უკვე მეფის რანგში, მისნაირივე პრეტენდენტი მოუღებს ბოლოს. მოხალისის მიერ გაღებულ მსხვერპლს ადარებენ ახალი წლისთვის ახლად დაბადებული ბატკნის მსხვერპლად შეწირვის ჩვეულებას. მსხვერპლად შეწირული მეფე და ბატკანი გაზაფხულზე ახალი წლის მსხვერპლის ერთ სახეში ერთიანდებიან.

კურო შუმერთა მეორე თვის თანავარსკვლავედია, როცა მდინარეების ადიდება და ნაპირების დატბორვა მთავრდებოდა.

სახელწოდება „კურო“ უშუალოდ უკავშირდება ნიპურის მეორე თვის რიტუალს. კუროს უწოდებდნენ ღმერთ ნინურტუს, რომელმაც თავის ქალაქში ყველა მოწინააღმდეგეს სძლია და გამარჯვების შემდეგ საცოლესთან საკრალური შეუღლების რიტუალით შეკავშირდა. ამავე დროს სრულდება ზემოაღნიშნულ შეუღლებასთან ასოციაციურად დაკავშირებული, მდინარეთა ადიდების შემდეგ ნოტიო მიწის დატკეპვნის და გაფოცხვის რიტუალი. ამ დროს მინდორში გაჰყავდათ როგორც ხარების ჯოგი, ისე გუთანში შებმული ხარები. ამ თვის მოვლენებია ომი, სიყვარული და ხვნა. ეს სამივე ასპექტი თავის თავში აერთიანებს მძვინვარე და ნაყოფიერი, აგრეთვე, შრომისმოყვარე ხარის სახეს.

ტყუპის სახელწოდება ასახავს ძმების – სინის და ნერგალის თაყვანისცემის ტრადიციებს.

ეს ძმები ენლილმა და ნინლილმა მიწისქვეშა სამყაროში დაბადეს, რის შემდეგაც ერთ-ერთი ძმა – სინი მთვარის ღმერთი გახდა და ცაში ავიდა, მეორე, ნერგალი კი მიწის ქვეშ დარჩა მკვდართა სამყაროს სამართავად.

კირჩხიბის თანავარსკვლავედი ცის კაბადონზე ზაფხულის მზებუდობის პერიოდში ამოდის. მზე თავის უმაღლეს წერტილს აღწევს, რის შემდეგაც თანდათან ქვევით ეშვება, მიწისქვეშა სამეფოში. ამ თანავარსკვლავედის ამოსვლა, აგრეთვე, უკავშირდება მარცვლოვანი კულტურების ადრეულ თესვას. ამ პერიოდის მოვლენებს უკავშირდებოდა გაზაფხულის ღმერთის – დუმუზის რიტუალური გაცილება მიწისქვეშა სამეფოში  და მისი შემდგომი დატირება. ამ შემთხვევაში დუმუზი განასახიერებს როგორც მიწაში ჩაშვებულ მარცვალს, ისე მზეს, რომელიც თანდათან დაბლა ეშვება.

ლომის თანავარსკვლავედის შესაბამის თვეში იმართებოდა შეჯიბრი ჭაბუკთა შორის, მეფე გილგამეშის, შუმერული ეპოსის გმირის საპატივსაცემოდ, რომელსაც ლომს ადარებდნენ.

გილგამეშსა და სარგონს, რომლებიც ისწრაფვოდნენ, რომ საკუთარი სახელი სამხედრო ლაშქრობებით უკვდავეყოთ, ხშირად ადარებდნენ ლომს, რომელიც განასახიერებს ერთდროულად ცხოველთა მეფესა და მზეს (თავისი ფაფრის გამო). სწორედ ასეთი გამარჯვებული მეფე-მზე იყო გილგამეში.

ქალწულის სახელწოდება უკავშირდება ქალღმერთ ინანას გაწმენდის რიტუალს, რომელიც მიწაზე დაბრუნდა მიწისქვეშა სამეფოდან (სადაც იგი, როგორც ჩანს, უშედეგოდ ეძებდა დუმუზის).

სასწორის თვეში დღე და ღამე თანაბრდება. სასწორი განასახიერებს შემოდგომის დღეღამტოლობას (ბუნიობას). შუმერულ ტრადიციაში ეს მართლმსაჯულების დროა, რომელსაც მზის ღმერთი უწყობს ცოცხლებსა და მკვდრებს. ეს არის, აგრეთვე, მსაჯულის მიერ ანუნაკების მიღმიერი საუფლოს პატივისცემის დროც.

მორიელი რატომ ეწოდება ზოდიაქოს მერვე თანავარსკვლავედს, ლურსმული დამწერლობიდან უცნობია და, სამწუხაროდ, დაუდგენელია ამ სახელწოდების წარმოშობის მიზეზი.

მშვილდოსანს, მეცხრე თანავარსკვლავედს, თავად შუმერები უწოდებდნენ ეპოსის გმირის სახელს – პაბილსაგს, რომელიც ნინურტსა და ნერგალასთან იყო გაიგივებული. ბაბილონში არსებულ სასაზღვრო ქვებზე ეს გმირი გამოსახულია ისრით ხელში და სწორედ აქედან წარმოდგა მისი სახელწოდებაც.

მეათე თანავარსკვლავედს უწოდებდნენ თიკანთევზას. ის ზამთრის მზებუდობის პერიოდში ამოდიოდა ცის კაბადონზე და სახელმწიფოს გარდაცვლილი მეთაურების მიწისქვეშა სამეფოდან გამოყვანის და გამოკვების რიტუალთან იყო დაკავშირებული. მისი სიმბოლიკა უკავშირდება ღმერთ ენკის ერთ-ერთ სახებას: თევზი განასახიერებდა უდიდესი სიბრძნის მიუწვდომელ სიღრმეებს, თიკანი – წინასწარმეტყველებას კაცობრიობის მომავალზე.

მერწყული გვიანდელი სახელწოდებაა იმ თანავარსკვლავედისა, რომელსაც ლურსმული დამწერლობით შესრულებულ ტექსტებში „გოლიათი“ ეწოდება. სინამდვილეში, ბევრ შუმერულ-აქადურ ნახატზე გამოსახულია მამრობითი სქესის მაღალი გრძელთმიანი და წვეროსანი არსება, რომლის გაშლილი მხრებიდან თუ ხელებიდან წყლის ორი ნაკადი ეშვება. თანავარსკვლავედის სიმბოლიკა უკავშირდება კოკისპირულ წვიმას, რომლიც ყველაზე ხშირი მესოპოტამიაში სწორედ ამ დროს – იანვარ-თებერვალში იყო.

თევზებს სხვა სახელწოდებაც ჰქონდა – კუდები. ისევე, როგორც უკანასკნელი ნიპურის თვის სახელწოდება – „მკა“, ზოდიაქოს უკანასკნელი ნიშნის სახელწოდება განასახიერებს ციკლის დასასრულს, სიცოცხლის წასვლას წყლის სტიქიაში.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close