გასტონ ლერუს რომანი „ოპერის მოჩვენება“ ქართულად პირველად გამოიცა

ფრანგული კლასიკური ლიტერატურის ქართულ თარგმანებს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ნიმუში შეემატა – ფრანგი მწერლის, გასტონ ლერუს „ოპერის მოჩვენება“, რომელიც ქართულად პირველად გამოიცა. ლერუს რომანი ფრანგული ენისა და ლიტერატურის შესანიშნავმა სპეციალისტმა და მთარგმნელმა ნინო ციმაკურიძემ თარგმნა. წიგნი გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ დასტამბა. „ოპერის მოჩვენების“ ქართული თარგმანი უკვე იყიდება წიგნის მაღაზიებში.

„პარიზის ოპერის იდუმალებით მოცული შენობა მრავალ საიდუმლოს ინახავს. პარიზელებს მისი აგებიდან მოყოლებული აფორიაქებდათ უცნაური ჭორები ოპერის ამოუცნობი ლაბირინთების, მიწისქვეშა სამყაროსა და მისი უცნაური ბინადრების შესახებ. სწორედ ამ ხმებსა და ქალაქურ ლეგენდებზე შეიქმნა გასტონ ლერუს „ოპერის მოჩვენება“ – ლამაზი, დახვეწილი, იდუმალი კლასიკური რომანი, რომელიც მრავალ კინოადაპტაციას და დადგმას დაედო საფუძვლად“, – ვკითხულობთ წიგნის წინასიტყვაობაში.

გამოჩენილი ფრანგი მწერალი და ჟურნალისტი გასტონ ლერუ (1868-1927) დეტექტიური ჟანრის აღიარებული ოსტატია. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი – „ოპერის მოჩვენება“ 1910 წელს გამოიცა.

ლერუს რომანის ქართული თარგმანის პრეზენტაცია ილიას უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსის“ დარბაზში გამართა. წიგნი თავად მთარგმნელმა – ნინო ციმაკურიძემ წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას.

„[რომანი] ქართულად არაჩვეულებრივად იკითხება. ეს არის ზუსტი, დახვეწილი და ძალიან აკადემიური თარგმანი“, – ასე შეაფასა გასტონ ლერუს დეტექტივის ქართული თარგმანი ცნობილმა პოეტმა და მთარგმნელმა, პროფესორმა გიორგი ლობჟანიძემ.

„ოპერის მოჩვენების“ ამბავი ყველასთვის ცნობილია მისი ეკრანიზაციებიდან, თუმცა წიგნი ცოტას თუ ექნება წაკითხული. ქართველ მკითხველს ახლა უკვე აქვს ამის შესაძლებლობა – სიყვარულით, თავგადასავლებით, იდუმალებით „შეზავებული“ კლასიკური ფრანგული დეტექტივის შესანიშნავი ქართული თარგმანის წაკითხვა ლიტერატურის მოყვარულებს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს.

ნინო ლურსმანაშვილი

პრეზენტაცია ილიას უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსის“ დარბაზში

 

კომენტარები