მიშელ ობამა დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ჩექმით წიგნის პრეზენტაციაზე თავს იწონებდა
აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა თავისი წიგნის, “Becoming”-ის ტურნეს მართავს. ამჯერად იგი სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავთან, სარა ჯესიკა პარკერთან საკუთარ წიგნზე სასაუბროდ მივიდა.
„დეილი მეილის“ ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილ პირველ ლედის „ბალენსიაგას“ 4 ათას დოლარად ღირებული ჩექმა და ყვითელი კაბა ეცვა. კაბა „ბალენსიაგას“ 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან არის. როგორც ცნობილია, ამ მოდის სახლის კრეატიული დირექტორი კი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა.
დემნას მიერშექმნილმა ბრჭყვიალა ჩექმამ სოციალური ქსელების მომხმარებელთა ყურადღება მიიპყრო, თუმცა „ტვიტერის“ მომხმარებლების უმეტესობა ობამას ჩაცმულობას მხოლოდ დადებითად აფასებს.
ვიდრე მიშელ ობამა გვასალიას ჩექმით თავს იწონებდა, ბარაკ ობამა ვაშინგტონის ბავშვთა ეროვნულ საავადმყოფოს ესტუმრა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სამედიცინო დაწესებულებაში სანტა კლაუსის ქუდით და ხურჯინით მივიდა და ასობით ექიმთან, ექთანთან და პატარა პაციენტებთან ერთად მხიარულად მღეროდა საშობაო სიმღერებს. მან ყველა პალატაში საჩუქრები დაარიგა.
მიშელ ობამას წიგნის პირველი წარდგენა ვაშიგნტონში ჰქონდა, როდესაც მოულოდნელად სცენაზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ყვავილებით ხელში გამოვიდა და თავისი ცოლი ბიონსეს შეადარა. აშშ-ის პირველი ლედის წიგნის გაყიდვის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, აშშ-სა და კანადაში პირველივე დღეს “Becoming”-ის 725 000 ეგზემპლარი გაიყიდა და შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, გაყიდვების თვალსაზრისით, წლის წიგნი გახდა.
კომენტარები