მსოფლიოპოლიტიკაიტალია

კომპრომისი მიღწეულია: ევროკომისიამ იტალიის 2019 წლის ბიუჯეტს მწვანე შუქი აუნთო

იტალიის მთავრობასა და ევროკომისიას შორის კომპრომისი მიღწეულია იტალიის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით, იტალიას სანქციები არ დაეკისრება, – განაცხადეს დღეს, 19 დეკემბერს როგორც იტალიის ხელისუფლების, ისე ევროკომისიის წარმომადგენლებმა. ინფორმაციას სააგენტო ANSA ავრცელებს.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა, ამასთან ერთად, აღნიშნა, რომ იტალიის მიერ ევროკომისიისთვის წარდგენილი ახალი პროექტი „იდეალური“ არ არის და ქვეყანა მის საფუძველზე გრძელვადიანი პრობლემების გადაჭრას ვერ შეძლებს, თუმცა მიღებულია გადაწყვეტილება, იტალიის ხელისუფლებას მისცენ საშუალება, ბიუჯეტით განსაზღვრული ღონისძიებები განახორციელოს.

როგორც ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, იტალიის ხელისუფლებამ თავისი წინასაარჩევნო დაპირებების რეალიზებისთვის (დღგ-ის ზრდის გაუქმება, საპენსიო ასაკის ზრდაზე უარის თქმა, მინიმალური შემოსავლის დაწესება მოქალაქეობისგან) მიიღო გადაწყვეტილება, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2,4%-მდე გაეზარდა (2018 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 2% იყო). ევროკავშირის ხელმძღვანელობა ამის კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა. ევროკავშირის ლიდერების აზრით, ასეთი მაღალი სახელმწიფო ვალის (მთლიანი შიდა პროდუქტის 130%) პირობებში იტალიამ ეკონომია უნდა გასწიოს და საბიუჯეტო ხარჯები კი არ უნდა გაზარდოს, უნდა შეამციროს, აგრეთვე, უნდა გაზარდოს საპენსიო ასაკი.

იტალიის ხელისუფლება ამაზე პასუხობდა, რომ ეკონომიის ზომებმა არ გაამართლა და უშედეგო აღმოჩნდა, ამიტომ ახლებური და უფრო აქტიური ეკონომიკური პოლიტიკაა საჭირო. ამას გარდა, იტალიის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ევროკომისია იტალიასთან მიმართებაში მიკერძოებულია და რასაც სხვა ქვეყნებისთვის უშვებს (მაგ., საფრანგეთის ბიუჯეტის 2,9%-იან დეფიციტს პრობლემა არ შეუქმნია მათთვის, რომ საფრანგეთის მთავარი ფინანსური დოკუმენტისთვის მწვანე შუქი აენთოთ), იმას იტალიას არ პატიობს.

იტალიელმა მინისტრებმა თავიდან უარი თქვეს ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანაზე, თუმცა ევროკომისიამ იტალია გააფრთხილა, რომ ასეთ შემთხვევაში სანქციებს დაუწესებდა. მხარეებმა მოლაპარაკებები განაგრძეს და ბოლოს კომპრომისულ ვარიანტს მიაღწიეს. 12 დეკემბერს იტალიის მთავრობამ ევროკომისიას ბიუჯეტის ახალი ვერსია წარუდგინა 2,04%-იანი დეფიციტით.

ამასთან, იტალიის მთავრობა არ აპირებს უარი თქვას თავისი წინასაარჩევნო დაპირებების 2 მთავარ მიმართულებაზე: საპენსიო ასაკის შემცირება და მოქალაქეობისთვის მინიმალური შემოსავლის დაწესება ძალაში შევა 2019 წლის აპრილიდან, – ამის თაობაზე დღეს განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ სენატში გამოსვლისას (თუმცა 2 კვირის წინ სალვინი ამტკიცებდა, რომ საპენსიო ასაკის შემცირების საკანონმდებლო ნორმა არაუგვიანეს მომავალი წლის თებერვლიდან შევიდოდა ძალაში).

ექსპერტები ამბობენ, რომ რეფორმების დაწყების გადატანა ახალი საბიუჯეტო წლის მეორე კვარტალში იტალიის მთავრობას (ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად) საშუალებას მისცემს, თანხების ნაწილი დაზოგოს.

ამჟამად, 2011 წელს მიღებული კანონის თანახმად, იტალიელები პენსიაზე გადიან ან 67 წლის ასაკში, ან 42 წლის და 10 თვის ხანგრძლივობის სამუშაო სტაჟის დაგროვებისას. საპენსიო რეფორმის ახალი ვერსია ითვალისწინებს „კვოტა 100“-ის წესის დაწესებას, რომლის თანახმადაც, პენსიაზე გასვლა შეეძლება მოქალაქეს, რომლის ასაკის და სამუშაო სტაჟის ჯამი 100-ზე ნაკლები არ იქნება: ასაკი არანაკლებ 62 წელი, სტაჟი არანაკლებ 38 წელი.

რაც შეეხება მოქალაქეობისთვის მინიმალურ შემოსავალს, აგრეთვე, მოქალაქის მინიმალურ პენსიას, კანონის ნორმა განსაზღვრავს, რომ იტალიის არცერთი სრულწლოვანი მოქალაქის შემოსავალი არ უნდა იყოს 780 ევროზე ნაკლები. დროებით უმუშევარ მოქალაქეებს, პროფესიული გადამზადების პერიოდში, მთავრობა საზოგადოებრივ სამუშაოებში მონაწილეობას შესთავაზებს სახელმწიფოსგან მიღებული თანხის სანაცვლოდ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close