მსოფლიოპოლიტიკაnews

შეერთებულმა შტატებმა სირიიდან თავისი ჯარების გამოყვანა დაიწყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიიდან თავისი ჯარების გამოყვანა დაიწყო. ამის თაობაზე დღეს თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა.

„ჩვენ დავიწყეთ აშშ-ის ჯარების დაბრუნება [სამშობლოში] და გადავდივართ მოცემული კამპანიის შემდეგ ეტაპზე“, – ნათქვამია მის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, რომელიც სირიაში ამერიკის ოპერაციას ეძღვნება. თავის მხრივ, სააგენტო Reuters-მა, აშშ-ის ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ აშშ აპირებს სირიიდან თავისი ჯარები 60-იდან 100 დღემდე ვადაში გამოიყვანოს, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების ევაკუაცია ქვეყნიდან 24 საათის განმავლობაში განხორციელდება.

სანდერსის თქმით, „5 წლის წინ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“  მძლავრი და სახიფათო ძალა იყო ახლო აღმოსავლეთში“. „ახლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაანადგურა ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიული სახალიფო“, – ამტკიცებს ამერიკის ლიდერის ოფიციალური წარმომადგენელი.

ვაშინგტონმა სამხედრო ოპერაცია ერაყში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ 2014 წლის ივნისში დაიწყო, სირიაში კი – 2014 წლის სექტემბერში.

თუმცა „ეს გამარჯვებები არ ნიშნავს გლობალური კოალიციის (აშშ-ის მეთაურობით) არსებობის ან მათი კამპანიების შეწყვეტას ერაყსა და სირიაში“, – დააზუსტა სანდერსმა.

„აშშ და მისი მოკავშირეები მზად არიან ისევ იმოქმედონ ყველა დონეზე, რათა დაიცვან ამერიკის ინტერესები, როცა ეს აუცილებელია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ რადიკალურ ისლამისტ ტერორისტებს მოვუსპოთ ტერიტორიების დაკავების, დაფინანსების, მხარდაჭერის და ჩვენი საზღვრების გადმოლახვის ყველანაირი საშუალება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

სულ ცოტა ხნის წინ სირიაში  დაახლოებით  2 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, ერაყში – კიდევ დაახლოებით 5200.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close