კულტურასაქართველო

აფხაზურ და მეგრულ აჯიკას არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ აფხაზურ და მეგრულ აჯიკას არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. სააგენტოს განმარტებით, ამით ხდება აღიარება, რომ აფხაზური და მეგრული აჯიკა ერთიანი ქართული ეთნოკულტურის ნაწილია.

სააგანტოს ინფორმაციაში, აგრეთვე, ხაზგასმულია ის, რომ მოხდა ამ აჯიკის ბრენდირება, რაც საკვებ პროდუქტს ფალსიფიცირებისგან დაიცავს. აფხაზურ და მეგრულ აჯიკას აქვს თავისი ანოტაციის ბარათი, თუ როგორ წარმოიშვა და როგორ უნდა დამზადდეს ეს საკვები პროდუქტი. სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ დავით ლომიტაშვილმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, ქეთევან პაპავას და არჩილ ზამბახიძეს, ვინაიდან აჯიკას ძეგლის სტატუსი მათი პროექტის ფარგლებში მიენიჭა. პროექტს ეწოდება „ქართული გემოს მემკვიდრეობა“.

„ქეთევან პაპავა და არჩილ ზამბახიძე დაინტერესებულნი არიან ქართული ეროვნული საკვები პროდუქტის წარმოებით. მათი ავტორობით მალე მეორე წიგნი გამოვა, რომელშიც ქართული კულინარიის შედევრები იქნება წარმოდგენილი და ქართველი დიასახლისებისთვის სამაგიდო წიგნი გახდება. მათ, ფაქტობრივად, მთელი საქართველო მოიარეს და მოსახლეობის ცალკეული თემებიდან აგროვებდნენ ინფორმაციას, რომელი საკვები პროდუქტი როდის და როგორ მზადდებოდა, რომელი დღესასწაულებისთვის. ამ შემთხვევაში ისინი უშუალოდ დამზადების ტექნოლოგიებს შეეხნენ. მათ შორის იქნება აფხაზურ-მეგრული აჯიკის დამზადების დეტალებიც“, – განაცხადა ლომიტაშვილმა.

სააგენტომ დაიწყო ძალიან ამბიციური პროექტი, რომელიც საქართველოს ოკუპირეულ ტერიტორიებზე ცალკეული კულტურული ელემენტების ძეგლად გამოცხადების პროცესს ითვალისწინებს.

„ამით საქართველო, როგორც ღირსეული ქვეყანა, აჩვენებს დანარჩენ მსოფლიოს, რომ ის ზრუნავს არა მხოლოდ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე, არამედ თანაბრად იყენებს კანონით მინიჭებულ უფლებას, არ დაუკარგოს კულტურული მემკვიდრეობა დღეს უკვე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ აფხაზურ „აპირპილ-ჯიკას“ და მეგრულ აჯიკას, როგორც ერთიანი ქართული ეთნოკულტურული სივრცის ნაწილს. ასე მოვიქცევით ჩვენ ოსური სამზარეულოს მიმართულებითაც“, – განაცხადა სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ. ამ თვალსაზრისით შემდეგი შეიძლება ოსური ხაბიძგინა იყოს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close