იტალიას ევროკავშირის საჯარიმო სანქციები ემუქრება დეფიციტური ბიუჯეტის გამო

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე
ევროკომისიამ ისევ უარყო იტალიის 2019 წლის გადამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტი. პირველი დოკუმენტი, რომელიც რომმა წარადგინა, ბრიუსელმა ჯერკიდევ ოქტომბერში უარყო, რამდენადაც ის ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის შეთანხმებას საგადასახადო და საბიუჯეტო საკითხებზე, – ამის თაობაზე ტელეარხი EURONEWS-ი იტყობინება.

ევროკომისიის შეფასებით, ახალ დოკუმენტში ბევრი არაფერი შეცვლილა. იტალიის მთავრობა კვლავაც გადაჭარბებულ დეფიციტს ითვალისწინებს (მთლიანი შიდა პროდუქტის 2,4%; წინა წელს იყო 1,8%; მართალია, ევროკავშირის ნორმატივების თანახმად, ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ევროკომისიას არ მოსწონს წინა წელთან შედარებით დეფიციტის ზრდა), მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ივნისში ურჩევდა ევროკავშირი იტალიას ბიუჯეტის დეფიციტის 0,8-0,9 პროცენტით შემცირებას.

ევროკავშირის დოკუმენტების ნორმატივების თანახმად, სახელმწიფოს ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს არ უნდა აჭარბებდეს, თუმცა რომმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში 2,3 ტრილიონი ევროს ოდენობის სახელმწიფო ვალი ჩადო, რაც იტალიის მთლიანი შიდა პროდუქტის 130%-ია – ამ მაჩვენებლით იტალია მეორეა ევროკავშირში საბერძნეთის შემდეგ. დაგეგმილი ხარჯების საფუძველზე მინისტრთა კაბინეტს უნდა, რომ შეამციროს საპენსიო ასაკი, აგრეთვე, შეამციროს საგადასახადო ტვირთი და შემოიტანოს სოციალური გარანტიების პროექტი უმუშევრებისთვის გერმანიის მაგალითზე.

იტალიის მთავრობა თავის გეგმებზე უარის თქმას არ აპირებს. ბრიუსელსა და რომს შორის დაპირისპირება შესაძლოა თვეების განმავლობაში გაგრძელდეს და საბოლოო ჯამში იტალიას ჯარიმები დაეკისროს.

ბრიუსელი უკვე დაემუქრა იტალიას ოფიციალური გამოძიების დაწყებას. შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც რომს რამდენიმემილიარდიანი საჯარიმო სანქციებით ემუქრება, ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა უნდა მიიღონ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები