საბერძნეთისაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

ადვოკატი პაატა სიმსივე განმარტებებს აკეთებს ე. წ. კატეხაკის საბუთის შესახებ

საბერძნეთში ქართული თემის წარმომადგენლები ხშირად აკეთებენ ე. წ. კატეხაკის საბუთს. ადვოკატი პაატა სიმსივე აღნიშნული საბუთის იურიდიულ შინაარსს განმარტავს.

უსაბუთო ადამიანების ძალიან დიდმა ნაწილმა მთხოვა, ამ საკითხზე დამეწერა და შევეცდები ჩამოვაყალიბო რაც შეიძლება მოკლედ და გასაგებად. ჩათვალეთ, რომ ეს პოსტი არის გზამკვლევი ყველა თქვენგანისთვის, ვინც ახალი ან ადრინდელი ჩამოსული ხართ და საბუთები არ გაქვთ და არც ბინადრობის უფლების აღება შეგიძლიათ ახლო მომავალში.

საბერძნეთში მყოფ ასეთი კატეგორიის ადამიანების უმეტესობას ერთი ძირითადი კითხვა აქვს: რა შეიძლება მოიმოქმედოს იმისათვის, რომ იცხოვროს კანონიერად და მოიპოვოს როგორც თავისუფლად გადაადგილების, ისე დასაქმების უფლება.

გამომდინარე იქიდან, რომ არსებული კანონმდებლობით, „უსაბუთოების” მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ბინადრობის უფლების მიღების საშუალება არ არსებობს, ბევრი თქვენგანი მიმართავს ისეთ მეთოდებს, რომელთაგანაც ზოგი მართლაც ეფექტურია, რადგან მათ გარკვეულ უფლებებს ანიჭებს, ხოლო ზოგი ნაკლებად ეფექტური და მათი კანონიერად ცხოვრების მდგომარეობაში ვერანაირი ცვლილება ვერ შეაქვს.

ამ პოსტში ყურადღება მინდა გავამახვილო ასეთი ტიპის საბუთებზე და შევეცდები აგიხსნათ, თუ რა უფლებებს განიჭებთ თითოეული მათგანი.

ბოლო წლებში, ჩამოყალიბდა ასეთი საბუთების ორი ძირითადი კატეგორია. ორივე უკავშირდება ლტოლვილის სტატუსს.
1. პირველი ეხება ლტოლვილის სტატუსის შესახებ განცხადების შეტანის დამადასტურებელ საბუთს – ბერძ. “Δελτίο Αιτούντος Διεθνή Προστασία”.  (იხ. სურ. 1).

ასეთ საბუთს ბევრი თქვენგანი „კატეხაკის საბუთს” უწოდებს. ასეთი საბუთის აღება ნიშნავს, რომ თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენი წარმომავლობის ქვეყანაში იდევნებით პოლიტიკური, ეთნიკური და ა. შ. ნიშნით და ამის გამო ითხოვთ თავშესაფარს ბერძნული სახელმწიფოსგან. საბუთი ძალაშია 6 თვის განმავლობაში. თუ 6 თვეში ვერ მოხერხდა თქვენი მოთხოვნის დამუშავება, მაშინ შეგეძლებათ მიიტანოთ არსებული საბუთი იმავე უწყებაში და მოითხოვოთ მისი გახანგრძლივება.

საბოლოო ჯამში, თქვენს მოთხოვნაზე ძალიან დიდი ალბათობით უარყოფითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ანუ ბერძნული სახელმწიფო უარს გეტყვით ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე და, შესაბამისად, არსებული საბუთიც გაუქმდება. მაშინ ისმის კითხვა: რატომ არის ეს საბუთი ასეთი მოთხოვნადი საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრებ ადამიანებს შორის?პასუხი მარტივია:პირველი – იმიტომ, რომ არსებული კანონმდებლობით, ადამიანებს უბრალოდ სხვა საბუთის აღების უფლება არა აქვთ. მეორე – ზემოაღნიშნული საბუთის აღება, წესით, მათ ანიჭებთ მთელ რიგ მნიშვნელოვან უფლებებს და გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული საქმის დამუშავება ხშირად რამდენიმე წელი გვიანდება, ასეთი საბუთი პრაქტიკაში იქცა ერთადერთ საშუალებად ლეგალურობის რაღაც სტატუსის მოსაპოვებლად არც თუ ისე მცირე დროით.

ქვემოთ მოყვანილია ამ უფლებების არასრული სია:
I. სანამ საბუთზე უარყოფითი პასუხი არ გამოვა, ვერ მოხდება ასეთი საბუთის მქონე პირის დეპორტაცია;
II. ასეთი საბუთის მქონე პირებს შეუძლიათ აიღონ სოციალური დაზღვევის სარეგისტრაციო ნომერი (ΑΜΚΑ), ასევე,
III. დღგ-ს სარეგისტრაციო ნომერი (ΑΦΜ);
IV. ხელი მიუწვდებოდეთ საჯარო ჯანდაცვაზე;
V. დარეგისტრირდნენ სხვადასხვა საჯარო სოციალურ დაზღვევის ფონდებში (მაგ. იკაში);
VI. ყოველივე ზემოაღნიშნული იძლევა იმის შანსს, რომ დასაქმდნენ ლეგალურად.

ყველა იმ პირს, ვისაც მიაჩნია, რომ მათი წარმომავლობის ქვეყანაში იდევნებიან პოლიტიკური, ეთნიკური და ა. შ. ნიშნით, აქვთ უფლება მოითხოვონ თავშესაფარი და შეიტანონ განცხადება შესაბამის უწყებაში, რომელიც საბერძნეთის შემთხვევაში არის საიმიგრაციო პოლიტიკის სამინისტრო (Υπουργείο Μεταναστευτικής Πολιτικής). ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანა, ძირითადად, ხდება წინასწარ რანდევუს დანიშვნით. რანდევუს დანიშვნა ხდება სკაიპის მეშვეობით.

2. გამომდინარე იქიდან, რომ განაცხადის შეტანის მსურველთა რიცხვი ბევრად აჭარბებს სამინისტროს მიერ გამოყოფილ რესურსებს, ბევრ თქვენგანს ასეთ საბუთზე (ე. წ. „კატეხაკის საბუთზე“) განცხადება ვერ შეაქვს. სკაიპით რანდევუს დანიშვნა ბევრი თქვენგანისთვის იქცა აუხდენელ ოცნებად. ამ ვითარების გამო, ბევრ თქვენგანს ააღებინეს საბუთი (იხ. სურ. 2, 3), რომელიც ადასტურებს სწორედ ამ სიტუაციის არსებობას, ანუ იმას, რომ თქვენ ცდილობთ ლტოლვილის სტატუსის მოპოვებას, მაგრამ ვერც რანდევუს ნიშნავთ და ვერც სხვა ფორმით აწვდენთ ხმას შესაბამის უწყებებს.

ასეთ საბუთს ზოგი „ერთწლიან“ საბუთს უწოდებს, ზოგი საჩივარს, ზოგიც რას და ზოგიც რას. მაგრამ წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, ასეთი საბუთის იურიდიული ფორმა არის „სასამართლოსგარეშე აქტი“ (ბერძ. Εξώδικο). ასევე შეცდომაა ამ საბუთისთვის „ერთწლიანის” წოდება, რადგან ამ საბუთს რაიმე ვადა – დროის შეზღუდვა, როგორც ასეთი, არ გააჩნია.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ ამ საბუთის აღება არ წარმოადგენს „კატეხაკის საბუთის“ აღების წინაპირობას. ნურავინ მოგატყუებთ, რომ ჯერ ეს საბუთი უნდა აიღოთ და მხოლოდ მერე შეგეძლებათ „კატეხაკის საბუთის“ აღება.

ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ „ექსოდიკოს“ შესახებ, არის ის, რომ ეს საბუთი არ წარმოადგენს ბინადრობის დროებით ან მუდმივ უფლებას. პირველ ნაწილში აღწერილი საბუთისგან („კატეხაკის საბუთი“) განსხვავებით, ეს საბუთი არ გაძლევთ, თუნდაც დროებით, ქვეყანაში კანონიერად ყოფნის სტატუსს. შესაბამისად, ის არ იძლევა გარანტიას, რომ თქვენი დაკავების შემთხვევაში არ მოხდება თქვენი დეპორტაცია. ასეთ საბუთზე დაყრდნობით ვერ აიღებთ ვერც ΑΦΜ-ს, ვერც ΑΜΚΑ-ს, ვერც „იკას” გააკეთებთ, ვერც ლეგალურად დასაქმდებით და არც საჯარო ჯანდაცვა იქნება თქვენთვის ხელმისაწვდომი.

ასეთ შემთხვევაში ისმის კითხვა: მაშინ რატომ აკეთებენ ასეთ საბუთს ადამიანები? ის ხალხი, ვინც ადამიანებს ასეთ საბუთს უკეთებს, ამბობს, რომ ასეთი საბუთის ქონის შემთხვევაში თუ ადამიანი პოლიციამ გააჩერა, თან ექნება რაღაც ტიპის საბუთი და ეს მათ პოლიციისგან დაიცავს. რამდენად ეფექტურია თუნდაც პოლიციისგან თავდაცვის მიზნით ეს საბუთი? იდეაში შეიძლება პოლიციამ გაგაჩეროთ და ასეთი საბუთის ჩვენების შემდეგ გაგიშვან. თუმცა ასევე არსებობს იმის შანსი, რომ არ გაგიშვან და ბინადრობის უფლების არქონის გამო განყოფილებაში გადაგიყვანონ. ანუ ეს საბუთი, პირველ ნაწილში აღწერილი საბუთისგან განსხვავებით, არ იძლევა არც იმის გარანტიას, რომ პოლიციამ რომ გაგაჩეროთ, გაგიშვებთ და, მით უმეტეს, არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თუ პოლიციის განყოფილებაში გადაგიყვანენ, იქედან ამ საბუთის მეშვეობით გამოხვალთ.

ამ საბუთის მსგავსად, ვერანაირ უფლებას ვერ განიჭებთ ვერც საბუთი, რომელსაც ადვოკატი გასცემს და რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ დანიშნეთ რანდევუ ბინადრობის უფლებაზე საბუთების ჩასაბარებლად. მხოლოდ განცხადების ჩაბარების (და არა, უბრალოდ, რანდევუს დანიშვნის) და შესაბამისი სახელმწიფო უწყებიდან შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების შემდეგ გეძლევათ გარანტია, რომ სანამ თქვენი საბუთი არ განიხილება, თქვენი დეპორტაცია არ განხორციელდება.

წყარო: პაატა სიმსივეს ფეისბუქის გვერდი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close