ნინო რურუა: „ემიგრაცია, ავად თუ კარგად, სასჯელი არ არის, ეს ჩვენი არჩევანია“

6188

ნინო რურუა – ეს სახელი და გვარი იტალიაში მყოფი ქართველებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. პროფესიონალ იურისტს არაერთი მათგანი მიმართავს და ქალბატონი ნინოც ცოდნასა და გამოცდილებას არ იშურებს მათ დასახმარებლად. მეგობრებთან ერთად იგი ქართველ ბავშვებზეც ზრუნავს – ქალაქ ბარიში ქართული საკვირაო სკოლა „აისი“ დააფუძნა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბავშვებმა მშობლიური ქვეყანა არ დაივიწყონ, საქართველო გულით ატარონ. აღარაფერს ვამბობთ მის მიერ დაარსებულ ქართულ ასოციაციაზე, რომელიც არაკომერციული ხასიათისაა და იტალიაში ქართული ენისა და კულტურის პროპაგანდას, ასევე, ორ ხალხს შორის კულტურული და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

მალე ნინო რურუა მშობლიურ ქვეყანას ესტუმრება და 27 მაისს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე თბილისში ემიგრანტთა პრობლემებზე ისაუბრებს, მანამდე კი NOSTAL.GE გთავაზობთ ინტერვიუს ამ საოცრად აქტიურ, პრინციპულ და მიზანდასახულ ქალბატონთან.

ქალბატონო ნინო, მოგვიყევით თქვენ შესახებ: როგორ აღმოჩნდით იტალიაში, სადაც დღეს კარგ ქართულ საქმეს აკეთებთ – ქ. ბარის ქართული საკვირაო სკოლა „აისის“ დამფუძნებელი ბრძანდებით.

ერთ ჩვეულებრივ ტრადიციულ თბილისურ ოჯახში დავიბადე 41 წლის წინათ. ოჯახში პირველი შვილიშვილი ვიყავი და ცოტა არ იყოს მათამამებდნენ. ჩემს აღრზდაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ბიძაჩემმა, დედის ძმამ, პოლიციის დამსახურებულმა პოლკოვნიკმა მერაბ კობაიძემ. რომ არა ის, ალბათ სულ სხვანარი ნინო რურუა ვიქნებოდი. ის მთელი ცხოვრება ეტალონი იქნება ჩემთვის.

ბავშვობიდან რაღაცნაირი სიჯიუტით გამოვირჩეოდი, არასდროს მხიბლავდა ერთფეროვნება, ყოველთვის რაღაც ახლის ძიებაში ვიყავი. მიყვარდა კითხვა და დროის უდიდეს ნაწილს სახლში, წიგნებთან ვატარებდი. სკოლის დამთავრების შემდეგ ოჯახის სურვილი იყო, რომ ექიმი გავმხდარიყავი. ამ მიზნით დავამთავრე თბილისის პირველი სამედიცინო კოლეჯი, რათა შემდგომ სწავლა სამედიცინო ინსტიტუტში გამეგრძელებინა, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემგან ექიმი ვერ დადგებოდა, ამიტომ გადავწყვიტე პროფესია შემეცვალა და ბავშვობის ოცნება ამეხდინა – იურისტი გავმხდარიყავი.

ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო პროფესია მაქვს, ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი… როცა გენდობიან, შენგან რჩევას იღებენ და შემდეგ გულითად მადლობებს ისმენ, განა ამაზე დიდი ჯილდო ამქვეყნად არსებობს?!

ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის სასწავლო ცენტრში მანამ, სანამ ემიგრანტის სტატუსი მეც არ მხვდა წილად პირადი მოტივის გამო. 2012 წლიდან ვიმყოფები ემიგრაციაში, კერძოდ, იტალიაში. ვარ იტალიის მიერ აკრედიტებული ქართულენოვანი თარჯიმანი და ქ. ბარის სასამართლოს მიერ ავტორიზებული მედიატორი. მაქვს ქართული ასოციაცია და მომსახურების სააგენტო. ასევე, 2018 წლის 10 თებერვალს ქ. ბარიში დავაარსე ქართული უფასო საკვირაო სკოლა „აისი“, რომელიც დაახლოებით 40 ბავშვს ითვლის.

სკოლაში მხოლოდ ბავშვებს იღებთ?

საკვირაო სკოლა, ძირითადად, ქართველ ბავშვებზეა გათვლილი, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან და ვცდილობთ, მათ საქართველო, ქართული ენა და ისტორია არ დავავიწყოთ. სკოლაში დადიან იტალიელი ბავშვებიც, რომლებსაც დედები ჰყავთ ქართველები და მათთვის ქართული ენა, ფაქტობივად, ახალი უცხო ენაა. მე და ჩემი მეგობრები ერთად ვცდილობთ ბავშვებს ემიგრაციაში ყოფნის დღეები გავულამაზოთ და სამშობლოს სიყვარული ჩავუნერგოთ.

როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში საკვირაო სკოლა „აისის“ ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან, გიორგი კეკელიძესთან შეხვედარაა დაგეგმილი. რა არის შეხვედრის მიზანი?

დიახ, რამდენიმე დღეში, 17 მაისს ქ. ბარიში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით და ასოციაცია A.I.S. და მასთან არსებული ბარის ქართული საკვირაო სკოლის ორგანიზებით ეწყობა შეხვედრა ბატონ გიორგი კეკელიძესთან და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან.

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ამ შეხვედრის მიზანია ბარიში ქართული ბიბლიოთეკის მხარდაჭერა, რომელიც ასოციაციისა და ქართული საკვირაო სკოლის ბაზაზე იხსნება. ასევე, ქართული საკვირაო სკოლის მომარაგება ქართულენოვანი ლიტერატურით, რასაც ერთჯერადი სახე არ ექნება.

ვიზიტის ფარგლებში ბატონი გიორგი შეხვდება სკოლის მოსწავლეებს, შემდეგ კი გაიმართება შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან.

ახლახან ბროშურა გამოეცით – „გზამკვლევი ოჯახში დასაქმებული ემიგრანტებისთვის“… გარდა ამისა, ჯგუფიც გაქვთ შექმნილი – „ქართველები იტალიაში“ და ყოველდღიურად უზიარებთ ერთმანეთს ფიქრებს, პრობლემებს, სიხარულსა თუ ტკივილს… ქართველი ემიგრანტების ძირითადი პრობლემა რა არის?

შარშან ანუ 2017 წელს გამოვეცი პირველი ბროშურა ოჯახში დასაქმებულ პირთა უფლება-მოვალეობების შესახებ. ეს იყო იმ იტალიური კანონის თარგმანი და მარტივი ენით ახსნა, რომელსაც ეყრდნობა, ძირითადად, მათი უფლება-მოვალეობანი. რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს – „ქართველები იტალიაში“, უკვე დაახლოებით 12 000 ემიგრანტს აერთიანებს. ვცდილობთ, ყველას მივაწვდინოთ ხმა და მცირედით მაინც გავულამაზოთ ემიგრაციაში ყოფნის დღეები.

ემიგრანტთა ძირითად პრობლემად კი ისევ და ისევ მათი არალეგალური სტატუსი რჩება. წლებია არ გამოსულა კანონი, რომელიც ქართველ ემიგრანტთა სტატუსის განსაზღვრას მოახდენდა. პრობლემები სხვადასხვა ხასიათისაა, მაგრამ მთლიანობაში ვცდილობთ, თითოეულ ემიგრანტს შეძლებისდაგვარად დავუდგეთ გვერდში, რათა თავი დაუცველად არ იგრძნონ.

თუ არ ვცდები, ცოტა ხნის წინ თქვენმა ასოციაციამ არალეგალ ემიგრანტთა თემაზე კონფერენცია ჩაატარა…

დიახ, ჩვენმა ასოციაციამ, სასამართლოს პატრონაჟითა და ადვოკატთა გაერთიანების თანამონაწილეობით, ჩაატარა პირველი კონფერენციას თემაზე: „არალეგალური ემიგრაცია და დაცვის უფლება“. ძირითადი თემა არალეგალური ემიგრაცია, ემიგრანტთა გაძევების პროცესი და მათი უფლებები იყო. კონფერენციაზე მიწვეულმა მოსამართლემ ისაუბრა ტექნიკურ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნიდან გაძევების დეკრეტთან. საუბარი შეეხო პრობლემებს, რომელთა წინაშეც მიგრანტები ლეგალიაზციასა და სტატუსთან დაკავშირებული პროცედურების გამო დგებიან.

ემიგრანტთა რიცხვის გაზრდის მიზეზად ვიზალიბერალიზაციის შემდგომ შენგენის ზონაში, კერძოდ კი, იტალიის ტერიტორიაზე შესვლის გაადვილება და საქართველოში უმუშევართა რიცხვის ზრდა დასახელდა.

ყურადღება გამახვილდა ემიგრანტთა ინფორმირებულობის მნიშვნელობაზეც. ასოციაცია გეგმავს პერიოდულად მოეწყოს შეხვედრები და საინფორმაციო სემინარები ქართულ ენაზე, რათა ქართველმა ემიგრანტებმა საკუთარი უფლებებისა და მოვალეობის შესახებ ინფორმაცია კომპეტენტური პირებისგან მიიღონ. საინფორმაციო სემინარების გამართვას სხვადასხვა ქალაქში ასოციაცია საკუთარ თავზე იღებს და პროექტი სულ მალე დაიწყებს მუშაობას.

საქართველო როგორ ჩანს შორიდან?

სადაც არ უნდა ვიყოთ, საქართველო გულით დაგვაქვს და ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი და ლამაზია. ნოსტალგია ქვეყნისა, რომელიც შენია და შორსაა, დამიჯერეთ, თითოეული ემიგრანტისთვის დიდი ტკივილია.

ქართველებსა და იტალიელებს შორის თუ ხედავთ რაიმე საერთოს?

მსგავსება ძალიან ბევრია. განსაკუთრებით სამხრეთ იტალიელები ტემპერამენტით ჰგვანან ქართველებს. ზოგიერთი ჩემი იტალიელი მეგობარი ხუმრობითაც კი ამბობს, რომ ქართველები იტალიელების ბიძაშვილები ვართ.

გართობის დრო და საშუალება თუ გაქვთ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს?

ცოტა ძნელია ისაუბრო გართობაზე, როდესაც ემიგრანტთა უმეტესობა, ფაქტობრივად, დროში შეზღუდულია, თუმცა პერიოდულად ეწყობა სხვადასხვა სახის შეხვედრები, საღამოები, სადაც თითოეული ემიგრანტი სითბოს და სიყვარულს უზიარებს ერთურთს. მაგალითად, ასოციაციის მოწვევითა და ორგანიზებით 17 ივნისს გვეწვევა სიღნაღის თეატრი, რომელიც ემიგრანტებისთვის საქველმოქმედო სპექტაკლს ჩაატარებს. ამისთვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მურად ვაშაკიძეს, სიღანღის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს.

საერთოდ, ასოციაცია ხშირად მართავს კულტურულ-შემოქმედებით საღამოებს ქართველი ემიგრანტების ნიჭის გამოსავლენად, პერიოდულად გამოცემს საინფორმაციო ბროშურებს, აწყობს საინფორმაციო შეხვედრებს. უახლოეს ხანებში ქართულენოვანი გაზეთის გამოცემაც იგეგმება.

თქვენი აქტიურობა ძალზე დასაფასებელია… ემიგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ, პირველ რიგში, რას უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება, თქვენი აზრით?

კარგი იქნება, თუ იტალიასა და საქართველოს შორის რაღაცა ფორმით მოხდება შეთანხმება სამუშაო ვიზებზე. რეალობას გავუსწოროთ თვალი: ვიზალიბერალიზაციის შემდგომ გაიზარდა ემიგრანტთა რიცხვი და, სამწუხაროდ, მათ აქ არალეგალებად დარჩენა უწევთ. რომ არსებობდეს ამ ადამიანებისთვის სტატუსის მინიჭები რაიმე ფორმა, კარგი იქნებოდა. ასევე, ხშირად თუ ჩამოვლენ და შეხვდებიან ემიგრანტებს, ასე ხომ ემიგრანტები უფრო დაცულად იგრძნობენ თავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 27 მაისს თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს ატარებს, თქვენც ხომ არ ხართ მოწვეული?

კი, რა თქმა უნდა, მომხსენებლად ვარ მოწვეული. ამისთვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს დისაპორასთნ ურთიერთობის დეპარტამენტს, განსაკუთრებით ბატონ რატი ბრეგაძეს, ალიონა ჩხოტუასა და ირმა კაველიძეს. ეს ადამიანები ყოველდღიურად იჩენენ უდიდეს ყურადღებას დიასპორის მიმართ. ფორუმზე ჩემი მოხსენების ძირითადი თემა მედია და სახალხო დიპლომატიაა. ვეცდები, სწორი კუთხით მივიტანო ემიგრანტთა პრობლემები სახელმწიფოს ყურამდე. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ ფორუმის შემდგომ ვისაუბროთ.

შევთანხმდით… თქვენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?

მყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი – ნუციკო და ცოტნე ცნობილაძეები და ბედნიერი ვარ, რომ დედა მქვია. ეს ხომ ყველაზე დიდი ჯილდოა უფლისა… სხვა რა გითხრათ? პირადი ცხოვრება, ფაქტობრივად, ის საქმეა, რომელიც მიყვარს და ვაკეთებ, თუმცა თავისუფალ დროს ვცდილობ სხვადასხვა რამით დავკავდე. მაგალითად, ვქარგავ და ახლა ხატვაც კი დავიწყე…

შვილები თქვენთან ერთად არიან იტალიაში?

სამწუხაროდ, ჩემთან არ არიან, საქართველოში, მამასთან იზრდებიან. ცოცხალი თავით არ უნდათ აქეთ წამოსვლა. ნუცა 13 წლისაა, ცოტნე -11 წლის. ჩემი ყოფილი მეუღლე საპატრულო პოლიციის თანამშრომელია და მიუხედავად იმისა, რომ ერთად არ ვცხოვრობთ, არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, ბავშვები ჩემთან არიან.

შვილების, ახლობლების, მეგობრების, ზოგადად, სამშობლოს მონატრების სურვილს რით იკლავთ? რა გაძლევთ ძალას, ხალისს?

ვცდილობ, ხშირად ჩამოვიდე საქართველოში. ახლა ერთ პროექტზე ვმუშაობ ჩემს იტალიელ კოლეგებთან ერთად და უახლოეს მომავალში მას საქართველოში განვახორციელებთ, ეს კი საშუალებას მომცემს უფრო მეტი დრო გავატარო ჩემს სახლში, ჩემს ოჯახთან.

ერთი ნატვრის უფლება რომ მოგცენ და გითხრან, რომ აუცილებლად აგისრულდებათ, რას ინატრებდით?

ვინატრებდი, რომ ამქვეყნად ყველა ბავშვი ბედნიერი და გახარებული იყოს. ჩვენს მომავალ თაობას უღრუბლო ზეცას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებდი.

დაბოლოს, ქართველ ემიგრანტებს რას ეტყოდით?

ემიგრაცია, ავად თუ კარგად, სასჯელი არ არის, ეს ჩვენი არჩევანია. ყველას გამძლეობას ვუსურვებ, მალე დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში!

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები
გაზიარება