საბერძნეთი: გაყინულ ტბაზე გასეირნებისას ყინული ჩატყდა და ადამიანები წყალში ჩაცვივდნენ (ვიდეო)
საბერძნეთში კვირას, 16 იანვარს გაყინულ პლასტირას ტბაზე გასეირნებისას ყინული ჩატყდა და რამდენიმე ადამიანი წყალში ჩავარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია, რადგან ამ ადგილას ტბა ღრმა არ არის, თუმცა უსიამოვნო საკვირაო გასეირნება კი გამოუვიდათ.
ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად სახიფათოა ყინულთან „თამაში“.
იმ ადგილას, სადაც შემთხვევა მოხდა, ზაფხულში ხმელეთია, ზამთარში კი წყალი გროვდება, თუმცა ღრმა არ არის.
ინციდენტის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა.
პლასტირა ცენტრალურ საბერძნეთში, კარდიცის რეგიონში მდებარეობს, ათენიდან 325 კმ-ის და თესალონიკიდან 250 კმ-ის დაშორებით, საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ადგილას, თესალიის მთის მასივების შუაგულში. ამ ტბას „პატარა შვეიცარიას“ უწოდებენ მისი პეიზაჟის ენითაუწერელი სილამაზის გამო.
ტბის ოფიციალური სახელწოდებაა ტავროპოსი (ანტიკურ პერიოდში აქ მდინარე ტავროპოსი მიედინებოდა). მისი ფართობი 2500 ჰექტარია, სიგრძე – 14 კმ, სიგანე – 4 კმ, მაქსიმალური სიღრმე კი – 65 მ.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები