პოლიტიკასაქართველო
კორონავირუსთან დაკავშირებით კარანტინისა და თვითიზოლაციის ვადები მცირდება
ორშაბათიდან, 17 იანვრიდან საქართველოში გარკვეული კატეგორიისთვის იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები მცირდება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
გაბუნიას თქმით, ვადები დამოკიდებული იქნება იმაზე, არის თუ არა მოქალაქე ვაქცინირებული ან როგორ მიმდინარეობს ინფექცია.
- ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები იქნება რვა დღე. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან უნდა იყოს გასული, სულ მცირე, 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.
- საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის კარანტინის ვადა, სულ მცირე, არის 10 დღე და უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. აქაც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღე მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფებს, ვადები ამ შემთხვევაშიც მცირდება და მსუბუქდება (აქამდე კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციაში 12 დღის განმავლობაში უნდა ყოფილიყვნენ). კერძოდ, თვითიზოლაციის ვალდებულება ეხსნებათ:
- კონტაქტში მყოფ პირებს, რომლებსაც გაკეთებული აქვთ ბუსტერული აცრა;
- კონტაქტში მყოფ პირებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ პირველი ორი აცრა, ბოლო აცრიდან 90 დღის ვადაში;
- კონტაქტში მყოფ პირებს, რომლებსაც გადატანილი აქვთ კოვიდინფექცია ბოლო 60 დღის მანძილზე.
სამივე შემთხვევაში მკაცრად სავალდებულოა ნიღბის ტარება 10 დღის განმავლობაში.
- არავაქცინირებული პირები ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში უნდა იყვნენ კარანტინში და შემდეგ კიდევ 4 დღის განმავლობაში (მე-9-იდან მე-12 დღის ჩათვლით) გამოიყენონ პირბადე.
თამარ გაბუნიას თქმით, ცვლილებები ორშაბათიდან შევა ძალაში.
კომენტარები