საზოგადოებასაქართველო

„ჩვენ უნდა წავიყვანოთ ცოტნე!“ – მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მხარდამჭერების აქცია

წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრთან, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია მკურნალობას გადის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ცოტნე გამსახურდიას კლინიკიდან გაყვანას ითხოვდნენ. 

როგორც ცოტნეს უფროსი ძმა კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, „აქციის“ მონაწილეები მეგაფონში „გაჰყვიროდნენ, იგინებოდნენ, იწყევლებოდნენ და კარების შემტვრევას ცდილობდნენ“. მან მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მხარდამჭერებს „შიზოფრენიით სნეული სექტა“ უწოდა.

„ქალბატონის“ ობსესიურმა და ბოროტი შიზოფრენიით სნეულმა სექტამ, რომელიც დიდი ხანია უხეშად ერევა ცოტნეს მკურნალობაში და გაჰყივის, თითქოს მას ორი წელია მკურნალობის მაგივრად წამლავენ, სცადა მიტინგის მოწყობა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრთან. „ჩვენ უნდა წავიყვანოთ ცოტნე“, იყო მათი მოთხოვნა. „აქციის“ მონაწილეები მეგაფონში გაჰყიროდნენ, იგინებოდნენ, იწყევლებოდნენ და კარების შემტვრევას ცდილობდნენ.

წეროვანის მაღალი დონის სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლები განცვიფრებულნი შეჰყურებდნენ ამ სანახაობას. საჭირო გახდა დამატებითი დაცვის გამოძახება. მომხვდურებს პოლიციის მხრიდან განემარტათ, რომ სამხედრო ბაზებთან ან ობიექტებთან, სადაც ჯარისკაცები გადიან რეაბილიტაციას, დაუშვებელია მიტინგი, მეგაფონების აგრესიული ხრიალი და ხმაური. დაუმორჩილებლებს კი 15-დღიანი საკანი ემუქრებათ. ამის შემდეგ მათ დასტოვეს იქაურობა.

სექტანტები თავს ისულელებენ, თითქოს გიორგი გამსახურდია საერთოდ არ არის საქმის კურსში. შეგახსენებთ, რომ გიორგი არის ცოტნეს ოფიციალური მხარდამჭერი ანასთან ერთად და ჩვენთან ერთად თვალყურს ადევნებს რეაბილიტაციის პროცესს.

ცოტნეს მკურნალობენ საუკეთესო რეაბილიტოლოგები. მისი მკურნალობა აყვანილია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ. ნუთუ მადლობის მაგიერია ასეთი მოვარდნა და უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინება“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

სარეაბილიტაციო ცენტრთან განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვა ცოტნეს უმცროსმა ძმამ გიორგი გამსახურდიამაც. მან მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მხარდამჭერებს „ავადმყოფური ბრბო“ უწოდა.

„ყველა წერტილსა და მძიმეს ვეთანხმები, რასაც ჩემი ძმა, კონსტანტინე წერს ამ პოსტში. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ატანა, რის გავლაც უწევს ჩემს ძმას და ჩემს რძალს ამ ავადმყოფური ბრბოს მხრიდან. ასევე უდიდესი ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა მათი გინებით და უსამართლო მოპყრობით შეწუხებულებს“, – წერს გიორგი გამსახურდია twitter-ის გვერდზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close