fbpx
ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

საფრანგეთში მოკლული ალექსი გოგუას მკვლელი დააკავეს – რა თქვა მარსელის პროკურორმა პრესკონფერენციაზე

საფრანგეთის ქალაქ მარსელში მოკლული 25 წლის ქართველი ახალგაზრდის მკვლელი დააკავეს, მან ჩადენილი მკვლელობა აღიარა. დანაშაულის დეტალებზე დღეს, 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე მარსელის პროკურორმა დომინიკ ლორანმა ისაუბრა. ამის შესახებ france3 წერს.

ქალბატონი ლორანის თქმით, „დრამა 2 ეტაპად გათამაშდა“: ნაშუადღევს ახალგაზრდა ქალისთვის მობილური ტელეფონის მოპარვის ცდილობდნენ. იგი სახლში დაბრუნდა, საათ-ნახევრის შემდეგ კი შემთხვევით ისევ წააწყდა სავარაუდო ქურდებს იმავე ადგილას, მეტროს ესკალატორის ძირში. გოგონას ამჯერად მისი მეუღლე ახლდა. პროკურორის თქმით, ეს უკანასკნელი საქართველოდან იყო და საფრანგეთში თავშესაფარს ითხოვდა (ისევე, როგორც მისი მეუღლე). ახალგაზრდა ქართველმა ინგლისურად მიმართა ორ აგრესორს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. ამ დროს ერთ-ერთმა წინდაში დამალული დანა ამოიღო გამოსაწევი მჭრელი პირით და ქართველ ახალგაზრდას შიგ გულში დაარტყა. დაზარალებული მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გამოძიება სწრაფად – 5 დღეში დაასრულეს მეტროს სათვალთვალო კამერების ჩანაწერების წყალობით. გამომძიებლებმა შეძლეს დაედგინათ ორი ეჭვმიტანილის მარშრუტი და სწორედ თანამზრახველის მეშვეობით გავიდნენ მეორე ეჭვმიტანილზე, საბედისწერო დარტყმის ავტორზე.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი 26 წლის მამაკაცი ოთხშაბათ საღამოს, 12 იანვარს, საკუთარ სახლში დააკავეს.

როგორც აღმოჩნდა, მისი სახელი პოლიციის დოსიეებში უკვე ფიგურირებდა – იგი ნასამართლევი იყო ქურდობისა და ნარკოტიკების მოხმარებისთვის და მისჯილი ჰქონდა 4-თვიანი პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 200 ევროს ოდენობით.

დაკავებულმა მკვლელობა აღიარა. პროკურორის თქმით, ეჭვმიტანილს დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ ბრალს „მკვლელობისთვის, ქურდობის მცდელობისთვის, ქურდობისა და ძალადობის დაფარვისთვის“. სასამართლოს დასრულებამდე და საბოლოო მსჯავრის გამოტანამდე იგი პატიმრობაში დარჩება.

ტრაგედია 7 იანვარს მოხდა, ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:30 სთ-ზე, მეტროს სადგურზე Notre-Dame du Mont, მარსელის მე-6 ოლქში (arrondissement ), პრაქტიკულად, ქალაქის ცენტრში.

ალექსი გოგუა ჩხოროწყუდან იყო, იგი საფრანგეთში ახალშერთულ მეუღლესთან ერთად წავიდა რამდენიმე თვის წინ.

გარდაცვლილ ახალგაზრდას სამშობლოში უახლოეს პერიოდში ჩამოასვენებენ, რაზეც  საქართველოს საგარეო უწყება და საკონსულო მუშაობენ. მისი გადმოსვენების ხარჯებს მთლიანად საქართველოს სახელმწიფო დაფარავს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close