რომის პაპმა ფრანცისკემ მართლმადიდებლებს ბოდიში მოუხადა
რომის პაპმა ფრანცისკე I-მა საბერძნეთში ვიზიტისას მართლმადიდებლებს პატიება სთხოვა კათოლიკეების ქმედებების გამო, რაც ქრისტიანებს შორის განხეთქილების მიზეზი გახდა. ამის შესახებ Vatican News-ი იუწყება.
სირცხვილით ვაღიარებ, რომ … [კათოლიკური ეკლესიის] ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს ცოტა ან საერთოდ არაფერი საერთო ჰქონდა იესოსა და სახარებასთან, ნაკარნახევი იყო, უწინარეს ყოვლისა, მოგებისა და ძალაუფლების წყურვილით, დაასუსტა ურთიერთობა. ამგვარად, დავუშვით, რომ ნაყოფიერება საფრთხის ქვეშ დადგა დაყოფის გამო. ისტორიას აქვს თავისი წონა და დღეს აქ მე ისევ ვგრძნობ მოთხოვნილებას, პატიება ვთხოვო უფალს და ძმებს იმ შეცდომებისთვის, რომლებიც ბევრმა კათოლიკემ დაუშვა“, – განაცხადა პონტიფიკოსმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ „ქრისტიანებმა თავიანთი ურთიერთობა უნდა ააგონ არა სარგებელზე, სტრატეგიებსა და გამორჩენაზე, არამედ ერთადერთ მოდელზე <…> – წმინდა სამებაზე».
2001 წელს რომის პაპმა იოანე პავლე II-მ საბერძნეთში ვიზიტისას ასევე ბოდიში მოიხადა კათოლიკეების სისასტიკის გამო მართლმადიდებლების მიმართ, უწინარეს ყოვლისა კი, ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის დარბევისთვის 1204 წელს.
ისტორიულად კათოლიკეები სამოციქულო ეკლესიას 1054 წელს ჩამოშორდნენ სიახლეების შემოტანის ხანგრძლივი პროცესის შედეგად, რომლებსაც საეკლესიო დოგმატების მცველები უარყოფდნენ.
განხეთქილებას საფუძვლად უდევს, უმთავრესად, ქრისტიანული სწავლების ფაქტორები, რომლებიც ეხება განსხვავებულ წარმოდგენებს წმინდა სამების საიდუმლოსა და ეკლესიის სტრუქტურის, მათ შორის, პაპის უზენაესობის შესახებ.
რომის პაპი ფრანცისკე საბერძნეთში შაბათს, 4 დეკემბერს ჩავიდა სამდღიანი ვიზიტით. 5 დეკემბერს, დილით პაპი ლესბოსზე მიგრანტების მიღების ცენტრში იმყოფებოდა, სადაც პირბადე არ ეკეთა, რითაც ყველა გააკვირვა. იგი საბერძნეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციური „სირიზას“ ლიდერს ალექსის ციპრასსაც შეხვდა, რომელთან საუბარშიც ევროკავშირი გააკრიტიკა მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ მედიის ცნობით, მიმდინარე წლის ბოლოს პაპი შესაძლოა ტახტიდან გადადგეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეარხმა “360”-მა გაზეთ Libero-ზე დაყრდნობით გაავრცელა.
მათივე ცნობით, მიზეზი პონტიფიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობაა – პაპს 4 ივლისს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა ნაწლავებზე.
გამოცემის ცნობით, პაპმა თქვა, რომ აპირებს გადადგომას უკვე დეკემბერში, როცა 85 წელი შეუსრულდება.
მისი წინამორბედი ბენედიქტე XVI გადადგომისას ამავე ასაკის იყო.
კომენტარები