აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა, დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს აცრა ან შეუზღუდოს აცრის გამო ზიარება – საპატრიარქო
აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა, დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ კორონავირუსის აცრასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც სინოდის დადგენილებაშია ასახული.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოხდა მისი განმარტება, უკანასკნელ პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან დაფიქსირებული რადიკალური პოზიციის გამო კვლავ გავიმეორებთ, რომ აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა. და ამდენად, დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ. მკურნალობის ამ მეთოდთან მიმართებაში ქრისტიანისათვის, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია უხეში და შეურაცხმყოფელი მიმართვების გავრცელებაც. წმ. სინოდის განჩინებას ასევე ეწინააღმდეგება მოძღვრის მიერ მრევლისთვის მსახურებაზე პირბადის ტარების აკრძალვა.
შევნიშნავთ იმასაც, რომ ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი ნაკარნახევი. ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ეს ღვთისგან მონიჭებული ხელშეუხებელი უფლებაა და მისი დაცვა აუცილებელია.
კიდევ ერთხელ მივმართავთ სასულიერო პირებს, რომ მათი ქმედებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ გასცდეს სინოდის განჩინებას. თვითნებობის შემთხვევაში კი მრევლს შეუძლია მომართოს საქართველოს საპატრიარქოს“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
კომენტარები