საზოგადოებასაქართველო

საქართველოში 600 ათასს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირების აღრიცხულ შემთხვევათა რაოდენობამ

სტატისტიკური მონაცემები 22 სექტემბრისთვის

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 2016 ახალი შემთხვევა და 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა,  მთლიანობაში აღრიცხულია 600 412 შემთხვევა (გამჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით).

გასულ ერთ დღე-ღამეში 2024-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომლებმაც კოვიდ-19 დაამარცხეს, 567 797-ს მიაღწია (94,57%).

გასულ ერთ დღეში კოვიდინფექციის გამო კიდევ 43 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსს 8664 ადამიანი შეეწირა. ლეტალობის მაჩვენებელი 1.44%-ს უდრის (შედარებისთვის: მსოფლიო მასშტაბით ლეტალობის საშუალო მაჩვენებელია 2,05%, აშშ-ში – 2,12%, დიდ ბრიტანეთში – 2,24%, იტალიაში – 2,96%, საბერძნეთში – 2,44%. პროცენტები გამოანგარიშებულია worldometers-ის მონაცემებზე დაყრდნობით – რედ.).

თუმცა ბოლო 2 თვის განმავლობაში, დელტა შტამის გავრცელების და მეოთხე, გაცილებით ძლიერი ტალღის გამო, საქართველოში გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. მარტო აგვისტო-სექტემბერში (22 სექტემბრამდე) ქვეყანაში 2885 პაციენტი გარდაიცვალა Covid-19-ით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 2020 წლის 4 აპრილს დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 29798 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 2016 შემთხვევა, შესაბამისად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი  6,77%-ს უდრის.

ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 6.48%-ია, ბოლო 14 დღის – 6.92%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2016 ახალი შემთხვევიდან თბილისში აღრიცხულია 708, აჭარაში – 130, იმერეთში – 289, ქვემო ქართლში – 145, შიდა ქართლში – 103, გურიაში – 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 188, კახეთში – 301, მცხეთა-მთიანეთში – 37, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 23.

ამ დროისთვის ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 23 925, მათგან 5231 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 310 პაციენტი იმყოფება.

მესამე ტალღის პიკის გადავლის შემდეგ საქართველოში ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად დაეცა – გასულ ერთ დღეში 13 962 ადამიანი აიცრა. სულ ჩტარებულია 1 686 412 აცრა, სრულად აცრილია 729 995 ადამიანი (მოსახლეობის 19,6%), მინიმუმ ერთი დოზით – 956 417 (მოსახლეობის 25,7%-მდე).

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close