შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით, ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ 33 წლის რაფაელ მურსაკულოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მურსაკულოვის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზეც უარს ამბობს. რაფაელ მურსაკულოვს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-იდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება, სსკ-ის 108-ე მუხლის შესაბამისად.
ავსტრალიის მოქალაქე, 31 წლის შანაი ბრუკი ბოლო თითქმის ერთ წელზე მეტი საქართველოში, თბილისში ცხოვრობდა, გოგებაშვილის ქუჩაზე. ახალგაზრდა ქალი 30 ივლისს გაუჩინარდა, იგი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე დააფიქსირა ვერაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან. დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც წინა საღამოს შანაი ბრუკს ტელეფონით ესაუბრებოდა, იგი მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ქალს მოულოდნელად თავს დაესხნენ და იგი დახმარებას ითხოვდა. 31 ივლისს შანაი ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.
შსს-მ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 8 სექტემბერს საქართველოს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვი დააკავა ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით.
კომენტარები