fbpx
მიგრაცია

საფრანგეთმა 12 000-ზე მეტ იმიგრანტს დაჩქარებული წესით მიანიჭა მოქალაქეობა

გარკვეულ სფეროებში დასაქმებულ 12 ათასზე მეტ იმიგრანტს, რომლებიც ეპიდემიის დაწყებიდან, 2020 წლის მარტის პირველი რიცხვებიდან მოწინავე ხაზზე იყვნენ, საფრანგეთის მოქალაქეობა დაჩქარებული წესით მიენიჭათ. ინფორმაცია ხუთშაბათს, 9 სექტემბერს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.

გასული წლის სექტემბერში საფრანგეთის შს სამინისტრომ ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც კოვიდ-19-ის პანდემიის დროს მოწინავე ხაზზე იყვნენ, გარკვეულ სფეროებში მუშაობდნენ და რისკის ქვეშ აყენებდნენ თავიან ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, შესთავაზა, შეეტანათ განაცხადი დაჩქარებული წესით მოქალაქეობის მისაღებად ნატურალიზაციის წესით. საფრანგეთის მოქალაქეობის მინისტრის, მარლენ სკიაპას ინფორმაციით, განაცხადი 16 381-მა ადამიანმა შეიტანა, საიდანაც 12 012 დაკმაყოფილდა.

საფრანგეთში ცხოვრების მინიმუმ 5-წლიანი ვადა, რომელიც აუცილებელია ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მისაღებად, ამ ადამიანებისთვის 2 წლამდე შემცირდა. 

იმ უცხოელთა შორის, რომლებმაც საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღეს, არიან ჯანდაცვის უსაფრთხოების, დასუფთავების სფეროს თანამშრომლები, მოლარეები, ასევე, სასიცოცხლო სექტორებში დასაქმებული მოქალაქეების შვილების ძიძები და ოჯახების დამხმარეები.

„ეს მუშაკები მოწინავე ხაზზე იყვნენ და ქვეყნის გამოწვევას უპასუხეს, ასე რომ, სწორი იქნება, ახლა ქვეყანამ გადადგას მათკენ ნაბიჯი. მივესალმები ჩვენს ახალ თანამემამულეებს, საფრანგეთის მოქალაქეებს და რესპუბლიკის სახელით მადლობას ვუხდი მათ“, – განაცხადა საფრანგეთის მოქალაქეობის მინისტრმა ქალბატონმა მარლენ სკიაპამ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close