საზოგადოებასაქართველო

რატომ მაინცდამაინც ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე განახორციელეს მიზანმიმართული შეტევა? – ეს არის ლეგიტიმური კითხვა, რასაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი

ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებოდ დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს

გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, ვერსიაზე, როგორ მოხვდნენ აგრესიული პირები და რატომ მაინცდამაინც ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე განახორციელეს მიზანმიმართული შეტევა. ეს არის ლეგიტიმური კითხვა, რასაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„…გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, ვერსიაზე, როგორ მოხვდნენ აგრესიული პირები და რატომ მაინცდამაინც ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე განახორციელეს მიზანმიმართული შეტევა. ეს არის ლეგიტიმური კითხვა, რასაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს ასევე რევანშისტული რადიკალური ძალა. მეგობრებო, კარგად გვახსოვს და არავის არ დაავიწყდება, თუ რა მეთოდით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას, როდესაც ხდებოდა ტერორისტული აქტების დადგმაც კი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნების მიღწევის მიზნით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, 5 ივლისს იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება, რაშიც უნდა მომხდარიყო საპოლიციო ძალების ჩართულობა და მათი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს გამოეყენებინა ძალა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

„რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს ვერ შედგება ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ ვნახეთ ყველამ, რომ სცადეს გამოეყენებინათ ამ ადამიანის [ლექსო ლაშქარავა – რედ.] ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით დაიღუპა ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება აბსოლუტურად მთელი სიმკაცრით დასჯილი. პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი, რომლებიც ჩართული იყვნენ აღნიშნული პირის ცემის საქმეში“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ მიუთითა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე: „აღნიშნული ღონისძიების [„თბილისი პრაიდის“ ე. წ. ღირსების მარში] ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც აბსოლუტურად, სრულად იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ. ეს არის დადასტურებული ფაქტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“, რევანშისტული და რადიკალური ძალის დღის წესრიგი უცვლელია: „მათ აქვთ ერთი მიზანი: როგორმე, ჩამოაგდონ ხელისუფლება და ისევ ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც, რა თქმა უნდა, მიუღწეველია ჩვენ ამას არ დავუშვებთ“

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს, როდესაც „თბილისი პრაიდის“ მიერ ე. წ, ღირსების მარშის გამართვა იგეგმებოდა, აღნიშნული ღონისძიების მოწინააღმდეგე ჯგუფების აგრესიული წარმომადგენლების ქმედებების შედეგად 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 53 – მედიის წარმომადგენელი.

ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისთან დაშავდა „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავაც, რომელსაც სახის ძვლები ჰქონდა დამსხვრეული და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. იგი რამდენიმე დღე კლინიკაში იყო მოთავსებული და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ სახლში გაწერეს. ექიმების თქმით, გაწერის მომენტში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

ლექსო ლაშქარავა საკუთარმა დედამ გუშინ დილით საწოლში გარდაცვლილი იპოვა. მიმდინარეობს გამოძიება გარდაცვალების კონკრეტული მიზეზის დასადგენად. საქმეში ჩაერთო ოპერატორის  ოჯახის და „TV პირველის“ მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე. ექსპერტიზის საბოლოო შედეგები თვე-ნახევარში გახდება ცნობილი, თუმცა გეჯაძის თქმით, გუშინ სამხარაულის ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად თავის არეში რაიმე მნიშვნელოვანი სისხლნაჟღენთი ან დაზიანება, რასაც შეიძლება 37 წლის ოპერატორის სიკვდილი გამოეწვია, ვერ აღმოაჩინეს.

გუშინ შსს-მ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უჩვენა ვიდეო, როგორ გადაადგილდებოდა გარდაცვალების წინა დღეს ლექსო ლაშქარავა მოპედით მეგობართან ერთად თბილისის რამდენიმე უბანში, მათ შორის, ფონიჭალაში. შსს-ს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტის კითხვაზე თქვა, რომ გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, ნარკოტიკების ზედოზირებაზეც, თუმცა წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან ყველას თავის შეკავება ურჩია.

გარდაცვლილი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან გუშინ, გვიან ღამით სახლში გადაასვენეს.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე საჭიროა პასუხი კითხვაზე, რა გახდა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი და მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთონ, რათა პროცესი სანდო იყოს.

„სანდო პასუხი გვინდა, არა ის, რაც მოიფიქრეს ან მოიფიქრებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ან ექსპერტიზის ბიუროში, არამედ გვინდა, სანდო და ნამდვილი პასუხი. სანდო პასუხი რომ მივიღოთ, აუცილებელია, გამოძიებაში უცხოელი ექსპერტები ჩაერთონ, რაც პროცესს სანდოს გახდიდა. ეს ამბავი ორად უნდა გავყოთ, რათა ზედმეტი კუდები არ ედებოდეს არც ერთ საკითხს. მეორეა, გარდაცვალების ამბავი. გარდაცვალების ამბავზე რომ არ იყოს ჭორები და სიბუნძურეები, ნამდვილი პასუხი გვინდა, რის შედეგად გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა. 5 ივლისი არის ცალკე საკითხი, სადაც ათეულობით ჟურნალისტზე, ოპერატორსა და ფოტოგრაფზე იძალადეს მიზანმიმართულად. გავეშებული ადამიანების ერთი ჯგუფი დასდევდა მეორე ადამიანების ჯგუფს, ამას სჭირდება რეალური გამოძიება და ყველას დასჯა. სირცხვილია, რომ 5 ივლისის შემდეგ გომელაური თავს მინისტრად მიიჩნევს. როცა ქუჩაში ვერაფერს აკონტროლებ, უნდა ინამუსო და წახვიდე“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ნდობის ფაქტორისთვის საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის მნიშვნელობაზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამაც ისაუბრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყებამ „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე – ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე „სირცხვილიას“ ოფისში თავდასხმის ბრალდებით დღეს კიდევ ერთი პირი – დავით კუტალაძე დააკავა.

ამ დროისთვის ამ საქმეზე დაკავებულია ხუთი ბრალდებული, მათგან ოთხს პატიმრობა უკვე შეეფარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2, 156-ის მე-2 ნაწილის „ა“ და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რომლებიც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს.

მოამზადა ნუცა ყაველაშვილმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close