„სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია დღეს, 3 ივლისს, 12:00 საათიდან იწყება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კოვიდსაწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით – „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია დღეს, 3 ივლისს, 12:00 საათიდან დაიწყება, ვაქცინაციის პროცესი კი – 5 ივლისიდან.
აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ვებგვერდზე booking.moh.gov.ge ან დარეკვით ტელეფონის ნომერე 15 22.
„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოში 2 ივლისს შემოვიდა. მათგან 500 000 დოზა „სინოფარმია“, 500 000 დოზა კი – „სინოვაკი“.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 350-მდე ამცრელი ჯგუფი; მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინების განაწილების სქემა ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს, რათა აცრა ყველა რეგიონის მოსახლეობისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თავდაპირველად აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა 2 კვირაზე იქნება გახსნილი „სინიოფარმის“ ვაქცინაზე, დააკვირდებიან, როგორი იქნება აქტიურობა და შემდეგ უკვე მთელი თვის და მთელი ზაფხულის პერიოდზე გაიხსნება დაჯავშნა არა მარტო „სინოფარმზე“, არამედ „სინოვაკზე“ და „ფაიზერზეც“.
რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, გუშინ, 2 ივნისს მეორე აცრაზე დაჯავშნა მათთვის, ვინც 10 კვირის წინ მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, ისევ არ იყო ხელმისაწვდომი. 1522-ის ოპერატორმა გვითხრა, რომ ყველა, ვინც „ასტრაზენეკას“ პრეპარატით ერთჯერადად აიცრა, აუცილებლად მიიღებს მეორე დოზას 12 კვირამდე პერიოდში.
ნინო ხოშტარია
კომენტარები