„ფაიზერის“ ვაქცინით აცრის შემდეგ მიოკარდიტის შემთხვევებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იკვლევს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) იკვლევს კავშირს მიოკარდიტსა და „ფაიზერ-ბიოენტექის“ ვაქცინით აცრას შორის.
ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწემ მარიანჯელა სიმაომ ორშაბათს, 14 ივნისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ შესაბამისი ინფორმაციები „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის შემდეგ მიოკარდიტის შემთხვევების შესახებ ორგანიზაციაში აშშ-იდან და ისრაელიდან მიიღეს.
„ვახორციელებთ მონიტორინგს და მონაცემებს ვაგროვებთ, ვიკვლევთ, არის თუ არა მიოკარდიტი ვაქცინაციით გამოწვეული, თუ აცრას არ უკავშირდება. ამ თემას აუცილებლად დავუბრუნდებით სამეცნიერო ცნობების მიღების შემდეგ“, – განაცხადა ჯანმოს ექსპერტმა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების (CDC) მონაცემებით, ახალგაზრდა მამაკაცებს კოვიდ-19-ის საწინაააღმდეგო mRNA ვაქცინების – Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს მეორე დოზის მიღების შემდეგ გულის კუნთის ანთება (მიოკარდიტი) განუვითარდათ, ამის შესახებ Reuters-ი – იტყობინება.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრებმა (CDC) და ჯანდაცვის სხვა ორგანოებმა გულის იშვიათი დაავადების შემთხვევების გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ ამის შესახებ განაცხადა.
Reuters-ის ცნობით, CDC იტყობინება, რომ ისინი ჯერ კიდევ არ მისულან დასკვნამდე, რომ არსებობს კავშირი ვაქცინებსა და მიოკარდიტის ან პერიკარდიტის შემთხვევებს შორის.
CDC-ს მონაცემებით, ზოგიერთ პაციენტს მკურნალობა დასჭირდა, თუმცა მათ უმეტესობას სიმპტომები მთლიანად გაუქრა.
შემთხვევების ნახევარზე მეტი 12-იდან 24 წლამდე ახალგაზრდებში დარეგისტრირდა Pfizer/BioNTech-ის ან Moderna-ს (MRNA) ვაქცინების მეორე დოზის მიღების შემდეგ.
„აშკარად გვაქვს დისბალანსი“, – თქვა ტომ სიმაბუკურომ, CDC-ს იმუნური უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორის მოადგილემ, და აღნიშნა, რომ დაავადების გამოვლენის შემთხვევების უდიდესი უმრავლესობა ვაქცინაციიდან ერთი კვირის განმავლობაში აღინიშნა. მთლიანობაში დარეგისტრირდა მიოკარდიტის ან პერიკარდიტის 283 შემთხვევა 16-იდან 26 წლამდე ასაკის ადამიანებში ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ.
მისივე თქმით, მონიტორინგის კიდევ ერთმა სისტემამ – Vaccine Safety Datalink (VSD) აჩვენა გულის კუნთის ანთების მომატებული სიხშირე, პირველ დოზასთან შედარებით, მეორე დოზით ვაქცინირებულ ადამიანებში 16-იდან 39 წლამდე.
მიოკარდიტი გულის კუნთის, მიოკარდიუმის დაზიანებაა. ჩვეულებრივ, დაზიანებას ანთებითი ხასიათი აქვს. ის ვითარდება სხვადასხვა სახის ინფექციების, წამლების და ტოქსინების ზემოქმედების ან იმუნური პროცესების გამო, რომლებიც გულის ქსოვილის უჯრედების დაზიანებას და გულის უკმარისობის განვითარებას იწვევენ.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები