fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ინდური შტამის სწრაფად გავრცელების გამო ინგლისში კოვიდშეზღუდვების მოხსნა გადაიდო

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ინგლისში 19 ივლისიდან მოიხსნება 21 ივნისის ნაცვლად – ანუ ერთი თვით გვიან, ვიდრე დაგეგმილი იყო. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ორშაბათს, 14 ივლისს ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„მეოთხე ნაბიჯი (შეზღუდვების სრული მოხსნა) 19 ივლისამდე გადავდეთ“, – თქვა მან და განმარტა, რომ ამ თარიღისთვის მთელი ზრდასრული მოსახლეობა პირველი დოზით აცრილი იქნება.

ქვეყნის ხელისუფლება შარშან მარტის შემდეგ მოქმედი ყველა კოვიდშეზღუდვის მოხსნას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 21 ივნისიდან აპირებდა. თარიღის გადაწევა კორონავირუსის დელტა შტამის (იგივე ინდური ვარიანტი) სწრაფმა გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად ეს შტამი, რომელიც გაცილებით უფრო გადამდებად ითვლება, გაერთიანებულ სამეფოში დომინანტურია და კოვიდპაციენტების 90% სწორედ დელტა შტამითაა დაინფიცირებული.

ჯონსონმა ხაზი გაუსვა, რომ მასშტაბურმა მესამე ტალღამ ქვეყანაში შეიძლება ათასობით ადამიანის გარდაცვალება გამოიწვიოს, რადგან ახალგაზრდების საკმაოდ დიდმა ნაწილმა აცრა ვერ მოასწრო, ამის გამო კი მოწყვლადი ადამიანებისთვის (ხანდაზმული ბრიტანელები და მძიმე დაავადებების მქონე პირები) რისკი იზრდება, რადგან ვაქცინა 100-პროცენტიან დაცვას ვერ უზრუნველყოფს. მისივე თქმით, ყოველ კვირაში ინფიცირებულთა რიცხვი საშუალოდ 64%-ით იზრდება, ქვეყნის ზოგ ნაწილში კი ორმაგდება.

ვაქცინის იმედად

ამ მომენტისთვის გაერთიანებული სამეფოს სრულწლოვანი მოქალაქეების 78,9%-ს (41,1 მლნ ადამიანი) უკვე მიღებული აქვს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა (ბრიტანეთში, ძირითადად, „ასტრაზენეკას“ ვაქცინას იყენებენ), ორივე დოზით კი 29 მლნ-ზე მეტი ადამიანია (56,6%) აცრილი. ექსპერტების თქმით, ვაქცინები მაღალ ეფექტიანობას აჩვენებს კორონავირუსის ინდური შტამის (დელტა) წინააღმდეგ და ადამიანებს იცავს როგორც დაინფიცირებისგან, ისე დაავადების მძიმე ფორმებისგან, თუ ინფიცირება მაინც მოხდა.

„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია მთლიანად მოვიშოროთ თავიდან კოვიდ-19 და მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. ვაქცინის წყალობით, ყოველი განვლილი დღის შემდეგ დაავადებისგან უკეთ დაცულნი ვხდებით და უკეთ მომზადებულნი იმისთვის, რომ ამ დაავადებასთან ერთად ვიცხოვროთ, – ხაზგასმით აღნიშნა პრესკონფერენციაზე ჯონსონმა. – ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციის გადაცემის რისკს, ხოლო 2-ჯერადი აცრა დაავადების მძიმე ფორმებისა და გარდაცვალებისგან დაცვის ძალზე მაღალ დონეს უზრუნველყოფს“.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close