fbpx
იტალიაკრიმინალი

იტალია: შეიარაღებული თავდასხმა დაჯავშნილ ფურგონზე (ვიდეო)

მოდენასა და ბოლონიას შორის A1 ტრასაზე, სან ჩეზარიოში სროლის და აფეთქებების ხმა ისმოდა, იწვოდა ავტომანქანები

იტალიაში, მოდენასა და ბოლონიას შორის A1 ტრასაზე, სან ჩეზარიოში (კომუნა მოდენის პროვინციაში, ემილია რომანიის რეგიონი) ორშაბათ საღამოს, 9-ის 20 წუთზე იტალიის დროით ჯავშანმანქანაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ისმოდა სროლის და აფეთქებების ხმა, იწვოდა ავტომანქანები. ამის შესახებ „ანსა“ წერს და ვიდეოს აქვეყნებს შემთხვევის ადგილიდან.

ამ თავდასხმის გამო იტალია, ფაქტობრივად, ორად გაყოფილი აღმოჩნდა: შეიარაღებულმა მძარცველებმა ორივე მიმართულებით გადაკეტეს A1 ტრასა, რომელიც ქვეყნის ცენტრალური და ჩრდილოეთი ნაწილების უამრავ ძირითად არტერიას აკავშირებს.

ფაქტების პირველი ნაწილობრივი რეკონსტრუქციის მიხედვით, მძარცველები მოქმედებდნენ სქემით, რომელიც ადრეც ყოფილა გამოყენებული. რამდენიმე თავდამსხმელისგან შემდგარმა ბანდამ თავიდან გზის სავალ ნაწილზე  ლურსმნები განათავსა, რათა ტრასაზე მოძრაობა და დაჯავშნილი ავტომობილი გაეჩერებინა, შემდეგ კი დივერსიისა და მოცემული მონაკვეთის ბლოკირების მიზნით, იარაღის მუქარით საკუთარი ავტომაქანებიდან გადმოიყვანეს 2 მძღოლი და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. შემდეგ კი თავდამსხმელებმა აიძულეს ორი სატვირთო მანქანის მძღოლები, ჩაეხერგათ ტრასის სავალი ნაწილები ორივე მიმართულებით, რათა შესვლა დაებლოკათ. თვითმხილველებს ესმოდათ სროლისა და აფეთქებების ხმა, თუმცა, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

ცეცხლწაკიდებული მანქანებიდან ავარდნილი კვამლის სვეტი რამდენიმე კილომეტრის დაშორებიდან ჩანდა.

მძარცველებმა მიზანს ვერ მიაღწიეს  – როგორც ჩანს, მათ გეგმაში რაღაც ისე არ წარიმართა და თავდასხმა, მთლიანობაში, „ჩავარდა“, ყაჩაღები კი გაიქცნენ ისე, რომ დაჯავშნილი ფურგონის გაძარცვა ვერ შეძლეს.

ისინი ბოლონიისკენ წავიდნენ, პოლიცია დამნაშავეებს ეძებს, მათ შორის, ბოლონიაშიც, იმ ადამიანთა ჩვენებებზე დაყრდნობით, რომლებიც ამ საშინელი შტურმის მოწმეები გახდნენ.

შეტყობინების მიღებისთანავე 118-ის ვერტმფრენი შემთხვევის ადგილისკენ გაემართა, ისევე როგორც სასწრაფო დახმარების მანქანა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სროლისა და აფეთქებების მიუხედავად არავინ დაჭრილა და დაშავებულა.

საგზაო პოლიციამ შეისწავლა ინციდენტის ადგილი. მათ დასკვნებს და დაცვის აგენტების ჩვენებას, რომლებიც ფურგონში იყვნენ, ისევე როგორც დამწვარი ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების მძღოლების მონაყოლს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება თავდასხმის დინამიკის რეკონსტრუქციისა და დეტალების შესაგროვებლად, რომლებიც პოლიციას მძარცველთა გამოვლენაში დაეხმარება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close