იტალიაპოლიტიკა

იტალიის „გახსნის“ განახლებული თარიღები – მთავრობის ახალი დადგენილება

დღეიდან კომენდანტის საათი 23:00 სთ-იდან დაიწყება, 7 ივნისიდან - 24:00 სთ-იდან, 21 ივნისს კი - სულ გაუქმდება

იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის მიერ შეკრებილმა კონტროლის დარბაზმა (La cabina di regia) ერთხმად შეცვალა ქვეყნის ეტაპობრივი „გახსნის“ გრაფიკი – ამის შესაძლებლობას მთავრობას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის პერმანენტული გაუმჯობესება აძლევს. ინფორმაციას იტალიური სააგენტო „ანსა“ ავრცელებს.

ქვემოთ გაგაცნობთ დეტალურ ინფორმაციას შეზღუდვების მოხსნის შესახებ ახალი დადგენილებიდან, რომელიც იტალიის მინისტრთა საბჭომ გუშინ, 17 მაისს, საღამოს დაამტკიცა.

18 მაისიდან – ღამის გადაადგილების შეზღუდვა საღამოს 10 საათის ნაცვლად 11-იდან (23:00) დაიწყება და დილის 5 საათამდე იმოქმედებს.

22 მაისიდან – სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები, გალერეები და კომერციული პარკები  გამოსასვლელ დღეებშიც კვლავ იმუშავებენ. აგრეთვე, იხსნება საბაგიროები სამთო-სათხილამურო კურორტებზე, რომლებიც გასული წლის ზაფხულიდან დაკეტილი იყო.

24 მაისიდან – კვლავ იხსნება სატრენაჟორო დარბაზები, რომლებსაც, 22 აპრილის დადგენილების თანახმად, პირველი ივნისიდან უნდა განეახლებინათ მუშაობა.

1-ლი ივნისიდან – ბარებსა და რესტორნებში, რომლებსაც ღია სივრცე არ აქვთ, შესაძლებელია ყავის დალევა ბარის დახლთან, სადილობა ან ვახშმობა როგორც გარეთ, ქუჩის მაგიდებთან, ისე შიგნით, შენობაში, რაც 22 აპრილის დადგენილებით არ იყო გათვალისწინებული. აგრეთვე, შესაძლებელია სპორტული შეჯიბრებების დასწრება ღია სივრცეში, ტევადობის მაქსიმუმ 25%-იანი დატვირთვით; ამასთან, დამსწრეთა რაოდენობა 1000-ს არ უნდა აღემატებოდეს.

7 ივნისიდან – კომენდანტის საათის დაწყების დრო კიდევ ერთი საათით გადაიწევს, შუაღამემდე (24:00 სთ).

15 ივნისიდან – დაშვებული იქნება საქორწილო წვეულებების მოწყობა, თუმცა მასში მონაწილეობისთვის ე. წ. მწვანე საშვი იქნება საჭირო – ვაქცინაციის ცნობა ან 48 საათით ადრე მიღებული ტესტის უარყოფითი პასუხი. CTS განსაზღვრავს ღია სივრცესა და დახურულ შენობებში გამართული ღონისძიებების მონაწილეთა მაქსიმალურ რაოდენობას.

15 ივნისიდან განახლდება ბაზრობები, თემატური  ღონისძიებები (რომლებიც გუშინდლამდე მოქმედი დადგენილებით პირველი ივლისიდან უნდა განახლებულიყო), კონფერენციები და კონგრესები („მწვანე საშვების“ საფუძველზე).

21 ივნისს – მთლიანად გაუქმდება ღამის გადაადგილების შეზღუდვა, ე. წ. კომენდანტის საათი.

დაბოლოს, პირველი ივლისიდან ისევ გაიხსნება დახურული აუზები, სპა-ცენტრები, სათამაშო დარბაზები, ბინგო და კაზინო, გასართობი და სოციალური ცენტრები, სახელმწიფო და კერძო სასწავლო კურსები.

პირველი ივლისიდან მაყურებელი ისევ შეძლებს დახურულ დარბაზებში სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებას (ტევადობის 25%-ის დატვირთვით, ამასთან, მაყურებლის რაოდენობა 500-ს არ უნდა აღემატებოდეს).

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close