ქართველები უცხოეთშიხელოვნება

მოწოდება ქართველ ემიგრანტებს ავსტრიიდან: „ყველა ერთად შევძლებთ 2022 წელს ევროვიზიის მასპინძელი ქვეყანა საქართველო გავხადოთ!“

ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ როტერდამში დღეს იწყება და 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება ევროვიზიის სიმღერის 65-ე საერთაშორისო კონკურსი, რომელზეც საქართველოს სახელით თორნიკე ყიფიანი წარდგება. ქართველი შემსრულებელი მეორე ნახევარფინალში, 20 მაისს იმღერებს. დღეს საღამოს, თბილისის დროით 23:00 საათიდან პირველი ნახევარფინალი გაიმართება, რომელზეც ლიეტუვის, სლოვენიის, რუსეთის, შვედეთის, ავსტრალიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ირლანდიის, კვიპროსის, ნორვეგიის, ხორვატიის, ბელგიის, ისრაელის, რუმინეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და მალტის წარმომადგენლები გამოვლენ. პირველი ნახევარფინალის ყურება საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ.  

ქართულ-ავსტრიული კულტურის ცენტრი მოუწოდებს უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, იაქტიურონ და მხარი დაუჭირონ საქართველოს წარმომადგენელს. 

„18 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით ნიდერლანდების სამეფოში, ქ. როტერდამში ევროვიზიის სიმღერის რიგით 65-ე საერთაშორისო კონკურსი იმართება და რაც ძალიან გვახარებს კონკურსზე, რომელშიც 39 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას საქართველოს სახელით წარდგება თორნიკე ყიფიანი სიმღერით – “You”.

ევროვიზიის კონკურსის წესების მიხედვით, თორნიკე ყიფიანისთვის ხმის მიცემის უფლება არ აქვთ საქართველოში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. შესაბამისად, ყველაზე მეტად დღეს, ისე როგორც არასდროს, თორნიკეს ჩვენი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების გულშემატკივრობა და აქტიური მხარდაჭერა სჭირდება. ამისთვის კი ჩვენ, უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა უნდა ვუყუროთ ადგილსამყოფელი ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს.

კონკურსზე ქართველი მონაწილე მაყურებლის წინაშე, კონცერტის მეორე ნახევარფინალში, 20 მაისს, ევროპის დროით 21:00 საათზე წარსდგება.

მეორე ნახევარფინალის მონაწილე ქვეყნებია: ესტონეთი, ჩეხეთი, საბერძნეთი, ავსტრია, პოლონეთი, მოლდოვა, ისლანდია, სერბეთი, სან-მარინო, ალბანეთი, პორტუგალია, ბულგარეთი, ფინეთი, ლატვია, შვეიცარია, დანია.

ჩვენი გუნდი წარმატებას უსურვებს თორნიკეს და გვჯერა, რომ ყველა ერთად შევძლებთ 2022 წელს ევროვიზიის მასპინძელი ქვეყანა საქართველო გავხადოთ!

ამისთვის კი პირველ რიგში, თორნიკეს უნდა დავუჭიროთ მხარი“, – ნათქვამია ქართულ-ავსტრიული კულტურის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close