ლევან ვასაძის გუნდი ჯერ მხოლოდ მისი ოჯახია – რა გავიგეთ ახალი პოლიტიკოსად გარდაქმნილი ბიზნესმენის გეგმების შესახებ
ულტრაკონსერვატიული შეხედულებების ქართველი ბიზნესმენი, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ (აბრევიატურა „ერი“) დამფუძნებელი ლევან ვასაძე „ალექსანდრეს ბაღში“ მხარდამჭერებს შეხვდა. შეხვედრაზე იგი ოჯახთან – მეუღლესა და 8 შვილთან ერთად მივიდა და სანამ „ერის“ ლიდერი საზოგადოებას თავის პოლიტიკურ გეგმებს გააცნობდა, თავისი შვილები გააცნო.
„აქ მე მოვედი ჩემს მეუღლესთან და ჩემს რვა შვილთან ერთად. აქ ბრძანდება ჩემი მეუღლე, ქალბატონი ნინო დურგლიშილი, ჩემი უფროსი ვაჟი, შიო ირაკლი ვასაძე, იკა, რომელმაც ისწავლა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია უცხოეთში და დაბრუნდა სამშობლოში, მუშაობს აქ და თამაშობს რაგბის.
გიორგი, ჩემი მეორე ვაჟი, რომელიც ბავშვობიდან გატაცებული იყო მანქანათმშენებლობით და უნდა, რომ გამოვიდეს ინჟინერი, უცხოეთში სწავლობდა და ამჟამად საქართველოში სწავლობს მათემატიკას და საინფორმაციო ტექნოლოგიებს და, ასევე, არის მორაგბე.
ჩემი უფროსი ქალიშვილი, თამარი, რომელიც წელს ამთავრებს და გადაწყვიტა, რომ არქიტექტურა შეისწავლოს და აბარებს წელს საქართველოში, გატაცებულია ქართული ცეკვით და ცეკვავს „სუხიშვილებში“.
ნიკოლოზ ვასაძე, რომელიც სწავლობს ჩვენს სკოლაში, ასევე არის, რა თქმა უნდა, მორაგბე, მაგრამ ბოლო წლებში ისე ძალიან გაიტაცა ორთაბრძოლებმა, რომ ცოტა გადაიხარა ორთაბრძოლებისკენ.
ეკატერინე, კატო ვასაძე, რომელიც ბავშვობიდან ყველას დედა და ყველას დაა და ყველას მომვლელი და ექიმი, განსაკუთრებით შინაური ცხოველების მოყვარული.
ჯერჯერობით ჩვენი უკანასკნელი ვაჟი, ილია ვასაძე, რომელიც ასევე მორაგბეა, მაგრამ ამავე დროს წყალბურთელიცაა. ძალიან უყვარს წიგნების კითხვა, ისევე როგორც ყველა ჩვენს შვილს.
მარიამ ვასაძე, რომელიც ყოველთვის ცეკვავს, ხატავს და რაღაცას ქმნის თავისი ხელებით და ძალიან უვლის თავის უმცროს დაიკოს, ჩვენს მერვე შვილს, ანა ვასაძეს. ანა უკვე არის ჩვენი სკოლის მოსწავლე. ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე ენამოსწრებული წევრია, ყველაფრის მბრძანებელია, რაც არ უნდა მთხოვოს და გააკეთოს, მე უარს ვერაფერზე ვერ ვეუბნები“, – ასე დაახასიათა ვასაძემ თავისი შვილები.
პრეზენტაციამდე მისი ცოლ-შვილი საზოგადოებისთვის არც ისე ნაცნობი იყო. სულ რამდენიმე ოჯახური ფოტოა საჯარო, რომლებზეც მისი ოჯახის წევრები ეროვნულ სამოსში არიან გამოწყობილნი.
ლევან ვასაძის პოლიტიკოსად შესაძლო გარდაქმნის საკითხი ბოლო წლებში პერიოდულად ხდებოდა განსჯის საგანი. 2013 წლის შემოდგომაზე, როცა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებდა, ბევრი იმასაც მოელოდა, რომ შემცვლელად სწორედ ლევან ვასაძეს დაასახელებდა.
როგორც რადიო „თავისუფლება“ წერს, 2019 წლის ზაფხულში, როდესაც ბიზნესმენი ვასაძე „თბილისი პრაიდის“ ჩასაშლელად ქუჩის რადიკალურ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში, ერთ-ერთ მიტინგზე ისიც თქვა, რომ ივანიშვილი მის „პოლიტიკაში ჩათრევას“ ძალით ცდილობდა და მას საიდუმლო საუბრების გახმაურებითაც დაემუქრა.
ლევან ვასაძე ამბობს, რომ პოლიტიკური საქმიანობისას სამომავლოდ „საზოგადოების სამ შრეს“ უმიზნებს :
1. საზოგადოების 60%-ს – ვინც აღარ დადის არჩევნებზე და ნიჰილისტურად არის განწყობილი;
2. „ქოცების ელექტორატს“, რომელიც ხმას აძლევს ლოზუნგით – „ოღონდ ნაცები და მიშა არ დაბრუნდეს“;
3. ხალხის იმ ნაწილს, რომელიც „ისეა გამწარებული ქოცებზე და პირადად ბიძინაზე“, რომ დასჯის მიზნით „კოლექტიურ ნაცებს“ აძლევს ხმას.
ზოგადად კი, მისი მიზანია, „საქართველოში დაასრულოს „ლიბერალების მმართველობა“ და „გლობალისტების გავლენები“, „ტრადიციონალისტური, კონსერვატიული“ პრინციპების გამარჯვებით“.
საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება. მის დაფინანსებაზე ლევან ვასაძე ამბობს, რომ ფული თავადაც აქვს და დამატებითი სახსრების მოზიდვას ბიზნესმენებისგან შეეცდება, სამომავლო თავისუფლების დაპირებითა და სრული გარანტიით.
რაც შეეხება მის ბექგრაუნდს: ცნობილი ბიზნესმენი გავლენიანი ფიგურაა ულტრამემარჯვენე, რადიკალურ და ურლტრაკონსერვატულ ჯგუფებში. გავრცელებული ცნობებით, იგი ასევე „ევრაზიონისტულ“ მოძრაობასა და მის ლიდერთან, ალექსანდრე დუგინთან დაკავშირებული პირია.
ვასაძემ, რომელიც ჰომოფობიური განწყობებით არის ცნობილი, 2019 წლის ივნისში უკანონო რაზმების, ე.წ. „ლეგიონის“ ფორმირება და „გეი პროპაგანდის“ პრევენციისთვის პატრულირება დაანონსა. მაშინ შსს-მ ვასაძის განცხადების საფუძველზე უკანონო ფორმირების მუხლით (სსსკ-ის 223-ე) გამოძიებაც დაიწყო. ვასაძე ლგბტ თემის საწინააღმდეგო კიდევ ერთ აქციას წინამძღოლობდა 2019 წლის ნოებერშიც, როდესაც რადიკალურად განწყობილი ჯგუფები თბილისის კინოთეატრებთან ლევან აკიმის გეი თემატიკაზე შექმნილი ქართული ფილმის ჩვენებას აპროტესტებდნენ.
ლევან ვასაძეს 2013 წლის ნოემბერში საქართველოს სამეფო ოჯახმა რაინდის წოდება მიანიჭა.
კომენტარები