საზოგადოებასაბერძნეთი

უჩვეულო „ოხი“ – „ზევსის“ პილოტებმა საბერძნეთს გადაუფრინეს (ვიდეო)

„ოხი“ 80 წლისაა

დღეს საბერძნეთში „ოხის“ დღე იზოლაციის რეჟიმში აღნიშნეს. გაუქმდა ტრადიციული აღლუმები ათენსა და თესალონიკში, რომლებიც 28 ოქტომბერთან დაკავშირებით ყოველწლიურად ტარდება ხოლმე, თუმცა ეროვნული დღესასწაულის 79-ე იუბილეზე სამხედრო თვითმფრინავებმა ჰაერიდან მიიტანეს მოქალაქეებამდე მთავარი გზავნილი.

საბერძნეთის სამხედრო საჰაერო ძალების ინდივიდუალური სადემონსტრაციო ჯგუფების F-16 ZEUS-ის პილოტებმა (Αεροπορικών Επιδείξεων Μεμονωμένου Αεροσκάφους F-16 ΖΕΥΣ της Πολεμικής Αεροπορίας) ქვეყანას გადაუფრინეს.

„ზევსის“ პილოტის პირადი გზავნილი ასეთი იყო: „ორესტიადიდან გავდოსამდე და ოტონიდან კასტელორიზომდე, ყველაზე ლაკონური და მჟღერი გზავნილი მსოფლიო ისტორიაში – „არა“ (ბერძ. «όχι»), გზავნილი, რომელიც ყველას შეახსენებს, რომ დემოკრატია და თავისუფლება – მარადიული, ურყევი ცნებებია, რომლებიც იზეიმებენ, სანამ პატრიოტიზმი არსებობს!“

„ოხის“ დღე საბერძნეთსა და კვიპროსზე (ბერძ. Επέτειος του «’Οχι») სახელმწიფო დღესასწაულია, რომელსაც 1942 წლიდან ყოველი წლის 28 ოქტომბერს ზეიმობენ 1940 წლის მოვლენების აღსანიშნავად. ბერძნული  სიტყვა «όχι» ქართულად „არა“-ს ნიშნავს.

ისტორია კი ასეთია: 1940 წლის 28 ოქტომბერს, დილის 4:00 საათზე საბერძნეთში იტალიის ელჩი ემანუელე გრაცი პრემიერ-მინისტრ იოანის მეტაქსასის კაბინეტში შევიდა და მუსოლინის დეპეშა გადასცა, რომელშიც „დუჩე“ საბერძნეთს ულტიმატუმს უყენებდა, ყოველგვარი პირობის გარეშე დაეთმო ეროვნული პოზიციები და შეეშვა ქვეყნის ტერიტორიაზე იტალიის ჯარი, რომელიც სტრატეგიულ ობიექტებს (აეროპორტები, პორტები და ა. შ.) დაიკავებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში იტალია საბერძნეთ ომს გამოუცხადებდა. ბერძენი პრემიერ-მინისტრის პასუხი კატეგორიული და ერთმნიშვნელოვანი იყო: „არა!“ (ბერძნულად ჟღერს, როგორც „ოხი“). დილით საბერძნეთის მოსახლეობა, პოლიტიკოსებისგან დამოუკიდებლად, გამოვიდა ქუჩაში და სკანდირებდა: „ოხი!“ დილის 5:30 საათზე, იტალიის პარლამენტის სანქციის შემდეგ, იტალიის შეიარაღებულმა ძალებმა საბერძნეთის ტერიტორიაზე შესვლა დაიწყეს.

ასე აღმოჩნდა საბერძნეთი ჩართული მეორე მსოფლიო ომში. 1940 წლის 28 ოქტომბერს იტალიის ჯარები საბერძნეთის ტერიტორიაზე უკვე ოკუპირებული ალბანეთიდან შეიჭრნენ. ბერძნები ქვეყნის ყველა კუთხიდან მიდიოდნენ ფრონტის ხაზზე, ბერძნულმა არმიამ მნიშვნელოვანი სიმაღლეები დაიკავა და შეტევა მოიგერია, ხოლო 14 ნოემბერს კონტრშეტევაზე გადავიდა.

5 თვის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას ბერძნული არმია ძალებით ბევრად აღმატებულ მოწინააღმდეგეს და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ომში ყოველთვის როდი იმარჯვებს ძალა, რიცხოვნობა, ტექნიკა, არამედ, აგრეთვე, სახალხო სულისკვეთებაა საჭირო. საბერძნეთის არმიამ არა მარტო შეძლო იტალიის სამხედრო შემოტევის შეჩერება, არამედ მოწინააღმდეგის ჯარები ადრიატიკის ზღვაში გაყარა.

დიქტატორი მუსოლინი იძულებული გახდა დახმარება მოკავშირეებისთვის ეთხოვა… 1941 წლის 6 აპრილს საბერძნეთში ჰიტლერული ჯარები შეიჭრნენ უკვე ოკუპირებული ბულგარეთიდან. მოწინააღმდეგეთა ერთობლივი ძალისხმევით, 23 აპრილს საბერძნეთის არმია დამარცხდა. 1941 წლის 27 აპრილს ფაშისტებმა ათენი დაიკავეს.

მუსოლინი და ჰიტლერი

ბერძნული არმიის გადარჩენილი ნაწილები ინგლისელებთან ერთად ცივილიზაციის აკვანს – კუნძულ კრეტას იცავდნენ, თუმცა გერმანიის საჰაერო-სადესანტო ოპერაციის შედეგად 1941 წლის 20 მაისს მათ კუნძულის დატოვება მოუწიათ. საბერძნეთი მთლიანად ოკუპირებული აღმოჩნდა, თუმცა ბერძნული არმიის გადარჩენილი ნაწილები განაგრძობდნენ ვერმახტთან ბრძოლას ჩრდილოეთ აფრიკაში, ხოლო 1942 წლის ნოემბრიდან მთელ საბერძნეთს მოედო პარტიზანული მოძრაობა.

1944 წლის ოქტომბერში ფაშისტურმა ჯარებმა საბერძნეთი დატოვეს, რადგან ბალკანეთის ნახევარკუნძულზე შესულ საბჭოთა ჯარებს მათი ბლოკირება შეეძლოთ. ათენში დაბრუნდა საბერძნეთის განდევნილი მთავრობა და მასთან ერთად საბერძნეთში ინგლისური სამხედრო ნაწილები შევიდნენ.

„ოხისთან“ დაკავშირებით ბევრ ისტორიკოსს აქვს მოსაზრება, რომ ფაქტი ერთგვარად დამახინჯებულია: მათი მტკიცებით, რეალურად, იოანის მეტაქსასმა მუსოლინის დეპეშის გაცნობის შემდეგ თქვა ფრანგული ფრაზა: „Alors, c’est la guerre“ („ეს ომია“). ამ მოსაზრებას ამყარებს იტალიის ელჩის, ემანუელე გრაცის მიერ 1945 წელს გამოცემული მემუარები, სადაც გრაცი იხსენებს, როგორ გადასცა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს ულტიმატუმი:

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მე მაქვს დავალება, გადმოგცეთ ეს ცნობა“, – და გადავეცი მას დოკუმენტი. მე ვხედავდი მის მღელვარებას მისი ხელების და თვალების მიხედვით. მეტაქსასმა თვალი გამისწორა და მტკიცე ხმით მითხრა: „ეს ომია“. მე ვუპასუხე, რომ ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა. მან მითხრა: „დიახ“. მე დავუმატე: „თუ გენერალი პაპაგოსი…“, მაგრამ მეტაქსასმა შემაწყვეტინა და მიპასუხა: „არა“. მე წავედი უდიდესი აღტაცებით აღსავსე ამ მოხუცის მიმართ, რომელმაც დანებებას მსხვერპლი ამჯობინა“.

ნინო ლურსმანაშვილი

ამავე თემაზე: საბერძნეთი დღეს „ოხის“ დღესასწაულს 78-ედ აღნიშნავს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close