მსოფლიოპოლიტიკა

გერმანია 2 ნოემბრიდან „მსუბუქ ლოქდაუნს“ აწესებს

გერმანია ახალ შემზღუდავ ზომებს აწესებს კორონავირუსის სწრაფი გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, 28 ოქტომბერს კანცლერმა ანგელა მერკელმა და გერმანიის 16 ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრებმა მიიღეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ახალი ზომები 2 ნოემბრიდან შევა ძალაში და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ახალი შემზღუდავი ზომების შემოღების აუცილებლობაზე კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ბოლო 10 დღეში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოთავსებულ კოვიდპაციენტთა რიცხვი გაორმაგდა, ბოლო 9 დღეში კი გორმაგდა იმ პაციენტთა რაოდენობა, რომლებიც ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე არიან მიერთებულნი. იმისათვის, რომ ჯანდაცვის სისტემის მეტისმეტად დატვირთვა თავიდან იქნას აცილებული, აუცილებელია დაუყოვნებლივ გატარდეს ზომები. მერკელის განმარტებით, პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტია კოვიდპაციენტების კონტაქტების მოძიება, თუმცა ამ ეტაპზე ჯანდაცვის ორგანოები ასეთი პაციენტების 75 პროცენტის კონტატების მოძიებას ვერ ახერხებენ.

მოქალაქეებს მოუწოდებენ, აბსოლუტურ მინიმუმამდე შეამცირონ სოციალური კონტაქტები საკუთარი ოჯახების გარეთ. საზოგადოებრივ სივრცეში დაშვებულია არაუმეტეს 2 ოჯახის წარმომადგენელთა, მაქსიმუმ 10 ადამიანის ერთად ყოფნა, – ნათქვამია მთავრობის მიერ მიღებულ დოკუმენტში. წესების დაცვა სავალდებულოა და დამრღვევები დაჯარიმდებიან.

სასტუმროებს შეუძლიათ მიიღონ მხოლოდ ის პირები, რომლებიც საპატიო მიზეზით და არატურისტული მიზნებით არიან ჩამოსულები.

რა იკეტება და რა არა

იკეტება დასვენება-გართობის ყველა დაწესებულება – საუბარია თეატრებზე, კინოთეატრებზე, საკონცერტო დარბაზებზე, საგამოფენო სივრცეებზე, სათამაშო დაწესებულებებზე, კაზინოებზე, გასართობ პარკებზე, ბორდელებზე (შეგახსენთ, რომ პროსტიტუცია გერმანიაში ლეგალიზებულია), ფიტნეს კლუბებზე და არაპროფესიულ სპორტკლუბებზე, აგრეთვე, საცურაო აუზებზე. ამასთან, ინდივიდუალურ სპორტულ აქტივობებზე ღია ცის ქვეშ შეზღუდვები არ ვრცელდება.

იკეტება მომსახურების სფეროს დაწესებულებებიც – კოსმეტიკური, ტატუირების და მასაჟის სალონები. ნოემბრის ბოლომდე დაკეტილი იქნება რესტორნები და კაფეები, იმ საჯარო კვების ობიექტების გამოკლებით, რომლებიც გატანით ყიდიან საკვებს.

არ იკეტება ფიზიოთერაპიული კაბინეტები და საპარიკმახეროები, აგრეთვე, მუშაობას აგრძელებენ საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტები. ახალი წესის თანახმად, მაღაზიაში ერთდროულად დაშვებულია ერთი კლიენტის ყოფნა ყოველ 10 კვადრატულ მეტრ ფართობზე (ანუ 100 კვ. მ ფართის მაღაზიაში ერთდროულად შეიძლება იყოს 10 მომხმარებელი).

სკოლები და საბავშვო ბაღები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

შეზღუდვები შეეხება პროფესიულ სპორტსაც. ნებისმიერი მატჩი, მათ შორის, ბუნდესლიგის, მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

მიღებული ზომების კორექტირება შესაძლებელია 2 კვირის შემდეგ

მერკელი და 16 ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრები აპირებენ,  2 კვირის შემდეგ ისევ შეხვდნენ, რათა შეაჯამონ, მოქმედებს თუ არა მიღებული ზომები, შეესაბამება თუ არა ისინი დასახულ მიზნებს და აუცილებლობის შემთხვევაში მათი კორექტირება მოახდინონ.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 14 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც თითქმის 2-ჯერ მეტია, ვიდრე გასულ ოთხშაბათს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყებიდან დღემდე. ამ დროისთვის ქვეყანაში აქტიურ ინფიცირებულთა რაოდენობა 122  ათასს უდრის. მთლიანობაში კი გფრ-ში SARS-CoV-2-ით ინფიცირების 464 239 შემთხვევა გამოვლინდა და 10 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close