მსოფლიოპოლიტიკა

ჟურნალმა „შარლი ებდომ“ დღევანდელი გამოცემის გარეკანზე ერდოღანის კარიკატურა განათავსა

ცნობილმა ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა „შარლი ებდომ“ 28 ოქტომბრის ნომრის გარეკანზე რეჯეპ ტაიპ ერდოღანის კარიკატურა განათავსა.

ნახევრად შიშველი, ტრუსებში გამოწყობილი თურქეთის პრეზიდენტი სავარძელში ზის, ცალი ხელით ქვედა კაბას უწევს მუსლიმურ სამოსში ჩაცმულ ქალს და ამბობს: „ოჰ, წინასწარმეტყველო!“ ერდოღანის თავზე კი წარწერაა: „პირად ცხოვრებაში ერდოღანი ძალიან მხიარულია“ (Erdogan: dans le privé, il est très drôle!)

თურქეთის ხელისუფლებამ დაგმო კარიკატურა, როგორც „კულტურული რასიზმისა და სიძულვილის გავრცელების“ მცდელობა. თავად თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა ჟურნალის ქმედება და მათ, ვინც „ჩვენს საყვარელ წინასწარმეტყველს შეურაცხყოფს“, „ნაძირლები“ (vauriens) უწოდა.

„ჩვენთვის ღირსების საკითხია, დავდგეთ წინასწარმეტყველზე თავდასხმების წინააღმდეგ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა მმართველი პარტიის საპარლამენტო ჯგუფთან შეხვედრაზე.

ერდოღანის თქმით, ისლამის და მუსლიმების წინააღმდეგ მტრობა და წინასწარმეტყველის უპატივცემულობა ევროპის ლიდერებს შორის „სიმსივნესავით ვრცელდება“.

„ჩვენ მოვუწოდებთ გონიერ ევროპელებს, იმოქმედონ ამ საშიში ტენდენციის წინააღმდეგ, საკუთარი და მათი შვილების სახელით, ნათელი მომავლისთვის“, – განაცხადა ერდოღანმა.

„შარლი ებდოს“ კარიკატურა პასუხია პარიზსა და ანკარას შორის მანამდე დაწყებულ დაპირისპირებზე, რომელიც საფრანგეთში კოლეჯის მასწავლებლის საზარელ მკვლელობას მოჰყვა – 47 წლის სამუელ პატს 18 წლის ეთნიკურმა ჩეჩენმა თავი მოჰკვეთა.

16 ოქტომბერს მომხდარი საზარელი მკვლელობის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მასწავლებელზე თავდასხმას „ისლამისტური ტერაქტი“ უწოდა და განაცხადა, რომ საფრანგეთი ისლამურ სეპარატიზმს ომს უცხადებს. მაკრონის თქმით, ისლამი კრიზისში მყოფი რელიგიაა, საფრანგეთი კი უარს არ იტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე, „კარიკატურებსა და ნახატებზე“.

მოგვიანებით ჟურნალ „შარლი ებდოს“ კარიკატურები საფრანგეთის რამდენიმე ქალაქის შენობებზე გამოსახეს.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მაკრონი ისლამოფობიაში დაადანაშაულა და ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარება ურჩია.

ცოტა ხნის წინ საფრანგეთმა მუსლიმურ ქვეყნებში მცხოვრებ თავის მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა. ეს განცხადება საფრანგეთის საგარეო უწყებაში მას შემდეგ გააკეთეს, რაც რამდენიმე ქვეყანაში საფრანგეთის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა.

კერძოდ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა ინდონეზიაში, თურქეთში, ბანგლადეშსა და ერაყში მყოფი თავისი მოქალაქეები, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი შორს დაიჭირონ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close