თავდამსხმელმა ფული წაიღო და 3 მძევალთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით წავიდა
შეიარაღებულ პირს, რომელსაც ქალაქ ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის” ფილიალში მძევლები ჰყავდა აყვანილი, სავარაუდოდ, მოთხოვნილი 500 ათასი დოლარი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა ავთანდილ გალდავამ გადასცა. სწორედ იგი გაჰყვა ორ მძევალთან ერთად გამტაცებელს.
„პირველი არხის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელი მძევლებთან ერთად გამოდის ბანკის შენობიდან და პოლიციის მანქანაში ჯდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
უკვე გათავისუფლებულმა ერთ-ერთმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ ფეისბუქზე დაწერა, რომ ბანკის შენობიდან სამი კაცის გარდა ყველანი გამოიყვანეს. მისი ინფორმაციით, პოლიციის წარმომადგენლებმა ფული მიიტანა და შენობას თავდამსხმელთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. „უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ“, – აღნიშნავს კვარაცხელია.
„საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში მძევლები ნიღბიანმა, სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა შეიარაღებულმა პირმა დღეს 14:00 საათზე აიყვანა. მოგვიანებით ერთ-ერთმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ თავდამსხმელის მითითებით „მთავარ არხში“ დარეკა და მისი მოთხოვნები გაახმოვანა: 500 ათასი აშს დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.
p. s. „იმედის“ ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. მისმა ჩართვამ შემთხვევის ადგილზე შეკრებილების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. „ეს ადამიანი, ვინც „მთავარ არხს“ ჩაერთო პირდაპირი ეთერით გახლავთ ირაკლი კვარაცხელია, რომელიც 4 დღის წინ იყო მოსული პროვოკაციისთვის. სააკაშვილთან ერთად არის ეს ადამიანი, რომელიც მე მიმტკიცებდა, რომ მეგიზ ქარდავასთან და ძველ ხალხთან არანაირი კავშირი არ აქვს და ახალი თაობა ვართ „ნაცმოძრაობისო“ და ფაქტია, რომ სააკაშვილის ფანია და ფაქტია ის, რომ ბანკიდან გამტაცებლის სურვილებს „ნაცმოძრაობა“ ახმოვანებს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
კომენტარები