საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

კასტორიის რეგიონში შეზღუდვები და კომენდანტის საათი ამოქმედდება

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 865 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა.

ატიკაში (ათენი) 331 შემთხვევა გამოვლინდა, თესალონიკში – 181, რომელთაგან 54 უკავშირდება მხოლოდ უკვე არსებულ კლასტერებს და გამოვლენილ შემთხვევებს.

წინა დღეს, 20 ოქტობერს 667 პაციენტს დაუდგინდა SARS-CoV-2-ით ინფიცირება, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელი იყო.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საბერძნეთში კორონავირუსის 27 334 შემთხვევაა გამოვლენილი (მათგან 55,6% – მამაკაცია), ხოლო 534 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 333 (62,4%) მამაკაცია, 201 – ქალი (37,6%)

დღეისათვის ინტუბაციურ მკურნალობას 86 მძიმე ავადმყოფი გადის, რომელთა საშუალო ასაკი 66 წელია. მათგან 58 მამაკაცია (67,4%), 28 (32,6%) კი – ქალი.

საბერძნეთის მთავრობა შეშფოთებულია ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის ინფექციის აფეთქებით, სიტუაციას აფასებს, როგორც უკიდურესად კრიტიკულს  და შემოაქვს ლოქდაუნის რეჟიმი ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კასტორიაში, – ამის შესახებ სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოს ხარდალიასმა განაცხადა.

კასტორიის რეგიონში შეზღუდვები 23 ოქტომბრიდან ამოქმედდება, მათ შორის, კომენდანტის საათიც.

ხარდალიასმა ოთხშაბათს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტების კომისიის სხდომის შედეგების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის – ERT-ის ეთერში ისაუბრა.

საბერძნეთის მთავრობა ქვეყანაში სრული კარანტინის დაწერესებას გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ კარანტინის რეჟიმი შესაძლებელია რეგიონების დონეზე ამოქმედდეს, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური დატვირთვის მქონე რაიონებში უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ზომების გამკაცრება, მათ შორის, ნიღბის სავალდებულო ტარება ქუჩაში, ღია სივრცეებშიც, აგრეთვე, გადაადგილების შეზღუდვა (კომენდანტის საათი) საღამოს საათების შემდეგ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close