საზოგადოებასაქართველო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სექტემბრიდან პირველ სტუდენტებს მიიღებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) სექტემბრიდან აკადემიური ცხოვრება იწყება – უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს მიიღებს. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომელმაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაათვალიერა.

საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. მშენებლობის პირველი ფაზა უკვე დასრულდა.

„სექტემბრიდან უნივერსიტეტი მიიღებს პირველ სტუდენტებს. იწყება აქტიური აკადემიური ცხოვრება. … აკადემიური პროგრამები დაფუძნებულია მიუნხენის უნივერსიტეტის პროგრამებზე. უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, როგორც აუდიტორიებში, ისე ონლაინ რეჟიმში.

ონლაინ რეჟიმი დაგვეხმარება, რომ ამ პროცესში ჩავრთოთ ქართველი მეცნიერები, რომლებიც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ. მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევითი ნაწილი. მნიშვნელოვანია ადრონული თერაპიის ცენტრი, რომლის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც განთავსებული იქნება ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, მეორე ონკოლოგიის მიმართულებით კვლევას. ეს უნიკალური ცენტრი იქნება. ციკლოტრონების აწყობა მიმდინარეობს… სიმსივნის მკურნალობის პარალელურად, აქ იქნება მაღალი რანგის სამეცნიერო კვლევითი პროცესი, როგორც მედიცინაში, ისე ბირთვულ ფიზიკასა და სამედიცინო ფიზიკაში.

აკადემიური თამასა აქ არის ძალიან მაღალი. ყველა ლექცია იქნება ინგლისურ ენაზე“, – განაცხადა განათლების მინისტრმა ნიკოლოზ ჩხენკელმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი 153 ჰექტარზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე, საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

უნივერსიტეტი წელს სტუდენტებს მიიღებს მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე. უნივერსიტეტში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხორციელდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 2020-2021 სასწავლო წელს KIU-ში ჩაბარების სურვილით 1000-ზე მეტი სტუდენტია დარეგისტრირებული. უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი, რომლის ფარგლებში დაფინანსდება სწავლის, სტუდენტურ საცხოვრებელის გადასახადი და სტუდენტური სტიპენდია.

პროექტის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ აღნიშნული პროექტისთვის გაღებული ინვესტიციის ოდენობა დაახლოებით მილიარდი ევროა.

„მოგეხსენებათ, რომ ეს არის დაახლოებით მილიარდ ევროზე ორიენტირებული ინვესტიცია, გარდა ამისა, ამას დაემატება კიდევ ადრონული კოლაიდერი, რომელიც დამატებით კიდევ 40 მლნ ევროს დაამატებს ამ ინვესტიციას და ის ადრონული კოლაიდერი შესძენს კიდევ ახალ, დამატებით ფუნქციას – ეს იქნება კიბოს მკურნალობის სამედიცინო ცენტრი და ასევე კვლევითი ცენტრი,“ – აღნიშნა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქი ხდება და ამას კიდევ დამატებითი მიზიდულობის ძალა ექნება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ფონდ „ქართუს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიზანია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში ადრონული თერაპიის ცენტრის დაარსება. საქართველოში ცენტრი პირველ პაციენტებს 2024 წლიდან მიიღებს. Proteus ONE solution-ის ხელშეკრულება გულისხმობს შეთანხმებას გრძელვადიანი ოპერაციული და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ, რომლის ღირებულება 40 მილიონ ევრომდეა და რომელსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტია. მსოფლიო დონის მეგაპროექტის იდეა და კონცეფცია ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ეკუთვნის. ქუთაისში უნივერსიტეტის დასაარსებლად ივანიშვილების ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ღირებულების ქველმოქმედება გასწია.

უნივერსიტეტის მიზანია კვლევის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის შექმნა, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რეგიონში ადრონული თერაპიის განვითარება და ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა“.

მომზადებულია 1tv.ge-ს მასალების მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close