საზოგადოებასაბერძნეთი

ევიაზე წყალდიდობას ათენელი ახალგაზრდა წყვილი შეეწირა – შოკისმომგვრელი ტრაგედია (ვიდეო)

საბერძნეთის კუნძულ ევიაზე 9 აგვისტოს მომხდარ „ბიბლიურ“ წყალდიდობას 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის იყვნენ იანისი და პოპი – ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ათენიდან, რომლებიც სოფელ ამფითეაში, თავიანთ ქალაქგარე სახლში გარდაცვლილები იპოვეს. ამ ტრაგედიამ მე პირადად  13 ივნისის თბილისის წყალდიდობა გამახსენა, ბერძნული ტელევიზია MEGA კი მათ დაღუპვას ძველბერძნული ტრაგედიის სიუჟეტს ადარებს.

წყვილი თავის ქალაქგარე სახლში ჩავიდა, რათა რამდენიმედღიანი შვებულება გაეტარებინა, თუმცა ტალახის უსწრაფესმა ნაკადმა, რომელიც თავის გზაზე ყველაფერს შთანთქავდა და მათ სახლშიც შეიჭრა, ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.

შოკისმომგვრელია სატელევიზიო არხ MEGA-ს სიუჟეტში თვითმხილველის ჩვენება, რომელმაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილები პირველმა ნახა: „საშინელი უამინდობისას წყვილმა, რომელმაც ყველა მხრიდან შემოჭრილი ნაკადი დაინახა, როგორც ჩანს, რეაგირებაც კი ვერ მოასწრო. უამრავმა ბარიერმა – კარებებმა და სახელურებმა – მათ ხაფანგიდან თავის დაღწევის შანსი არ დაუტოვა. ყველაფერი სულ ორიოდე წუთში მოხდა“.

ტელეარხის ინფორმაციით, ახალგაზრდები ერთი წლის წინ დაქორწინდნენ და ათენში, კალითეას რაიონში საპარიკმახეროს ფლობდნენ. წყვილის ათენელი მეზობლები, რომლებიც გააოგნა და დაამწუხრა ტრაგედიამ, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ახასიათებენ, როგორც შესანიშნავ ადამიანებს, რომლებიც ამ რაიონში ყველას უყვარდა. მენელაუს ქუჩაზე (კალითეა) მდებარე საპარიკმახეროში დარაბები დაშვებულია… დაღუპული ცოლ-ქმრის მეზობლებმა და მეგობრებმა შესასვლელ კართან მწუხარების გამომხატველი წერილები და ყვავილების თაიგულები დატოვეს მათი ხსოვნის პატივსაცემად.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close