საზოგადოებასაქართველო

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 17 – მესტიაში

დღეს დილით განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1250 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1010-ს შეადგენს.

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში გამოვლინდა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტობრივად, ყველა ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია. მათ ვირუსი ლენჯერში სტუმრად ჩასული ადამიანისგან გადაედოთ.

ინფიცირებულებიდან ხუთი თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ, ერთი – ქუთაისში, ხოლო 11 პაციენტის სამკურნალოდ გადაყვანა ზუგდიდისა და კიდევ სხვა კლინიკებში ახლა მიმდინარეობს.

როგორც ნინო ვიბლიანმა განაცხადა, დაინფიცირებულებიდან 37 კონტაქტი უკვე მოკვლეულია.

„უკვე გამოკვლეულია 37 კონტაქტი. ეპიდემიოლოგთა ხუთი ბრიგადა არის მესტიაში და ჩატარდება ჩაღრმავებული ეპიდკვლევა“, – განაცხადა ვიბლიანმა.

რაც შეეხება მესტიის რაიონის ჩაკეტვას, ვიბლიანის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდკვლევების შედეგებზე.

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 16 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი თქმით, ერთი ინფიცირებული მედიკოსია, 5 შემთხვევა კი იმპორტირებულია. „ერთი მათგანი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი. ერთ პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენისა და წყაროს დადგენ​​ის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.

1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close