ყავის ქართული კომპანია „მეამას“ ოფისმა მსოფლიო არქიტექტურის კონკურსში გაიმარჯვა
კახეთის გზატკეცილზე მდებარე, ყავის ქართული კომპანია „მეამას“ სათავო ოფისის შენობამ Architizer A+Awards-ის სამ ნომინაციაში გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ „მეამას“ შენობის კონკურენტები იყვნენ ისეთი ცნობილი კომპანიების სამუშაო სივრცეები, როგორიცაა: Jaguar, TikTok, Warner Music Group, John F.Kennedy Center for the Performinf Arts და სხვა.
ქართული ყავის კომპანია „მეამას“ სათავო ოფისის შენობა, რომლის არქიტექტურა და დიზაინი გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის, ჟიურის გადაწყვეტილებით, სამი ნომინაციის ფინალში გადავიდა. ეს ნომინაციებია: ინტერიერის დიზაინი, დაბალსართულიანი სამუშაო სივრცე და არქიტექტურა და ბეტონი. სამივე კატეგორიაში ქართული პროექტი თავიდანვე ლიდერობდა და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, 4 აგვისტოს, უკვე გამარჯვებულადაც გამოცხადდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი სახის საერთაშორისო კონკურსებში ქართველი არქიტექტორებისა და ქართული პროექტების წარმატება ხელს უწყობს, მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნის პოპულარიაზაციას. გარდა იმისა, რომ შენობის არქიტექტორი სპეციალურ პრიზს მიიღებს, დღეიდან „მეამას“ შენობა, როგორც მსოფლიო დონის კონკურსში გამარჯვებული პროექტი, Architizer A + Awards ვებგვერდზე განთავსდება, ასევე, წარმოდგენილი იქნება Architizer.com-ის ჟურნალში და მოხვდება A + Awards-ის მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტურის შესახებ შექმნილ ყოველწლიურ გამოცემებში.
marketer.ge
კომენტარები