საზოგადოებასაქართველო

საქართველოში სასწავლო წელი 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში დაიწყება

მოსწავლეები და სტუდენტები საკლასო ოთახებს და აუდიტორიებს დაუბრუნდებიან

სასწავლო წელი საქართველოში, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩვეულ რეჟიმში, 15 სექტემბერს დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

„დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რაც შეეხება სექტემბერში სწავლის დაწყებას, სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში, … საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში, მაგრამ, ასევე, ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის – საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სწავლის დაწყებას არავითარი საშიშროება არ ემუქრება. დღევანდელ ბრიფინგზე მან იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებიც სწავლის დაწყების პარალელურად განხორციელდება.

„სწავლის დაწყება მობილობას გაზრდის და, რა თქმა უნდა, სწავლა ვერ იქნება ჩვეულ სტილში, თუ აქამდე ერთ ოთახში იჯდა 20 ადამიანი, ახლა ასე ვეღარ იქნება. იქნება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები – აუდიტორიებში. ასევე, გვექნება პროტოკოლი, როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები – ხელების ხშირი დამუშავება, პირბადის გამოყენება. მუშავდება ეს სტანდარტები და დარწმუნებული ვარ, დამყოლობა კარგი იქნება და შევძლებთ, ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს, თუმცა რისკი დიდია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში იყო ყველაზე დიდი თავშეყრა, დაახლოებით 50 ათასამდე აბიტურიენტმა, მაგისტრანტმა და კიდევ სხვა კატეგორიის აბიტურიენტმა ჩააბარა გამოცდები და  ეპიდსიტუაცია არ გაუარესებულა. „შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოცდა კარგად ჩავაბარეთ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close