fbpx
კრიმინალისაქართველო

ბრალდებულის დედამ დაჭრილის ოჯახს ბოდიში მოუხადა

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრაში ბრალდებულ ბუსა ჟვანიას დედის და ზურაბ ჟვანიას ქვრივის, ნინო ქადაგიძე-ჟვანიას განცხადებით, მისი შვილი სასჯელს იმსახურებს, თუმცა არა იმ ზომით, რაც წარედგინა.

„ჩემთვის მთავარი რაც იყო, არის, რომ ბავშვი გადარჩა, ღმერთს ვევედრები, რომ მალე ფეხზე დადგეს. მინდა, ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, თუ არა უარესი, როგორიც არის მათთვის. ვისურვებდი, რომ მე დამმართნოდა ეს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბუსა ჟვანიას დედამ, ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი პასუხისმგებლობას არ გაურბიან.

„პასუხისმგებლობას ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გავურბივართ, იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ახლა გამოვიხედეთ თვალში, ემოციურად ძალიან მძიმედ ვიყავით. მე იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება, თუმცა როცა დაუმძიმდა ბრალი, ეს იყო ძალიან მძიმე ჩემთვის. რა თქმა უნდა სასჯელს იმსახურებს, თუმცა არ მგონია, რომ ასეთს…“ – განაცხადა ნინო ქადაგიძე- ჟვანიამ.

მანამდე გოგი თოფაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში ჟვანიების მხრიდან მოლაპარაკების მცდელობაზე ისაუბრა. მოგვიანებით ბრალდებულის დედამ, ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ განმარტა, რომ  მხოლოდ ბოდიშის მოხდის მიზნით დაურეკა თოფაძის ოჯახს.

„ბოდიშს თუ მიხდის, კი ბატონო, კიდევ კარგი, რომ ეგ თქვა. როცა ის ამბავი მოხდა, ნინომ დამირეკა, ექიმთან ვიყავი, მოვუბოდიშე, მერე დამირეკე-მეთქი. კიდევ დამირეკავს ალბათ. მორიგებაზე ელაპარაკონ მოსამართლეს. მე შევეცდები, აღარ გავართულო. ჩემთვის მთავარია, ბავშვი მორჩეს“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს ვაკეში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, აწ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. მას განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  ბრალი უკვე წარედგინა, რაც 7-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close